პარლამენტმა 81 ხმით „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო.


ცვლილებების პროექტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ წარადგინა.

მისი განმარტებით, საკანონმდებლო ცვლილება ასოცირების შეთანხმების ვალდებულებიდან გამომდინარე მომზადდა და მიზნად ისახავს პროდუქტის ბაზარზე ზედამხედველობის და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების წესების შემოღებას.
 
ცვლილებების თანახმად, მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ექსპლუატაციისას უსაფრთხოების წესების დარღვევისათვის დადგენილი ჯარიმები ამ დარღვევების შედეგად მოსალოდნელი საფრთხეების შესაბამისი გახდება.

კანონპროექტი მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების მფლობელებისთვის პრევენციული ხასიათის მიდგომასაც ითვალისწინებს, რომლის მიხედვით, გაზრდილი ჯარიმების შემთხვევაში უფრო მეტი ყურადღება მიექცევა ობიექტებზე უსაფრთხოების წესების დაცვას, რაც თავის მხრივ, შეამცირებს იმ საფრთხეებს, რომელიც შეიძლება მიადგეს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან გარემოს.