თბილისში მიმდინარე ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმზე სახელწოდებით „ჯანსაღი ქალაქი - მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, მოქნილი და მდგრადი ურბანული განვითარება“ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია სიტყვით გამოვიდა. ოთარ გრიგოლიამ ქალაქის ჯანსაღი განვითარების მიმართულებით ადგილობრივი მუნიციპალიტეტის როლზე ისაუბრა და ფორუმში მონაწილეებს ის ძირითადი პროექტები გააცნო, რომელსაც ამ მიმართულებით თბილისის მუნიციპალიტეტი ახორციელებს.
თბილისის საკრებულოს უმრავლესობის ლიდერმა ჯანსაღი ქალაქის ურბანული განვითარების კუთხით უკვე განხორციელებულ და სამომავლო პროექტებზე ისაუბრა. პირველ რიგში, ოთარ გრიგოლიამ საბავშვო ბაგა-ბაღების შესახებ გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ბოლო წლებში, ბაგა-ბაღების ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.
„თბილისს სოციალური წნეხის შემსუბუქების თვალსაზრისით საკმაოდ დიდი როლი აკისრია. ბიუჯეტის საკმაოდ დიდი ნაწილიც სწორედ ამ მიმართულებით იხარჯება. თამამად შეიძლება ითქვას, რომ თბილისი ბიუჯეტის გადანაწილების თვალსაზრისით, სოციალურად ორიენტირებული ქალაქია. ამ მიმართულებით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი, რაც დედაქალაქის მერიამ განახორციელა, ბაგა-ბაღების ხელმისაწვდომობის გაზრდაა. ბაგა-ბაღებს ძალიან დიდი როლი ეკისრებათ ბავშვთა სიღარიბის შემცირების თვალსაზრისითაც. არსებობს არაერთი ანგარიში, რომელიც მიუთითებს, რომ ამ პროექტმა ბავშვთა სიღარიბე არსებითად შეამცირა“- განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ საცხოვრისის გაუმჯობესებისა და ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ მიმართულებით თბილისის მუნიციპალიტეტმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. ოთარ გრიგოლიას განცხადებით, წლების განმავლობაში არ არსებობდა არანაირი პროგრამა, რომელიც ადამიანს საკუთარი სახლის დაკარგვისგან დააზღვევდა.
„დღეს ჩვენ გვყავს ათასობით ბენეფიციარი, რომელსაც თბილისის მერია ქირით უზრუნველყოფს. ამას გარდა, ქალაქმა მიიღო გადაწყვეტილება და მუნიციპალურ შენობებში შეჭრილ ხალხს საცხოვრებელი ფართები დაუკანონა. ასევე, ჩვენ ვახორციელებთ ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მომავალში უსახლკაროები არ გვყავდეს“ - განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.
ოთარ გრიგოლიამ, თავის გამოსვლაში, სატრანსპორტო რეფორმის მიმდინარეობასა და ქვეითზე მორგებული ინფრასტრუქტურის შექმნაზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, ქალაქისთვის მთავარ გამოწვევად ქვეითების უპირატესობა და ქუჩებში კერძო ავტომობილების შემცირება რჩება.
„ეს არის მთავარი ჩვევა, რომელიც ჩვენ ყველამ უნდა შევიძინოთ, რათა ხვალ უკეთეს ქალაქში ვიცხოვროთ. ჯანსაღი ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი ქვეითზე მორგებული ინფრასტრუქტურაა. ჩვენი ქალაქის მომავალი ამ რეფორმის წარმატებაში მდგომარეობს“- განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.
თბილისის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმი ორი დღის განმავლობაში, 6-7 ივნისს, სასტუმროში „პარაგრაფი თბილისი“ იმართება.