ჩემი ქართველების სიყვარული და ენერგია, რაც მე ძალას მმატებს, მინდა ყველას დავუფასო და უკან დავუბრუნო - ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემით ყველამ იამაყოს, - ამის შესახებ „ამერიკან აიდოლის“ ქართველმა მონაწილემ, ნუცა ბუზალაძემ ამერიკიდან ჩართვისას გადაცემა „ჩვენ ოჯახს“ განუცხადა.
მომღერალმა განვლილ რთულ პერიოდზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რთულმა გზამ, მას უდიდესი მოტივაცია მისცა.
„იმ გზაზე, რაც მე აქამდე გავიარე, ყველაზე დიდი სირთულე იყო, როდესაც 16 წლისამ ჩემს თავზე ძალიან ბევრი რამ ავიღე, რადგან სხვა გამოსავალი არ მქონდა. იმის მაგივრად, რომ მეფიქრა, რომელ უნივერსიტეტში ჩამებარებინა ან სად მესწავლა - მიწევდა ფიქრი, სად მემღერა, სად გამოვსულიყავი რომ რაღაც გადასახდელი გვქონდა, რაღაც გასაკეთებელი იყო. 16 წლიდან, რაც ჩემს ოჯახს ეხება, აბსოლუტურად ყველაფერი ჩემს თავზე იყო და ალბათ ეს იყო ყველაზე რთული იმ გზაზე, რაც აქამდე გავიარე, თუმცა ამან შემქმნა იმ ადამიანად, რაც ახლა ვარ და ამისთვის მადლობას ვუხდი დედაჩემს. ეს გზა რომ არ გამევლო ამხელა მოტივაცია არ მექნებოდა. უნდა ნახო კარგი, უნდა ნახო გაჭირვებაც, რომ შემდეგ ადამიანებთან სხვანაირი დამოკიდებულება გქონდეს“, - აღნიშნა ნუცა ბუზალაძემ.
„American Idol“-ის მომდევნო ეპიზოდში გაირკვევა, 26 კონკურსანტიდან ვინ მოხვდება ტოპოცეულში და მათგან რომელი კონკურსანტები განაგრძობენ ბრძოლას გამარჯვებისთვის.
12 ფინალისტიდან ორს ჟიური შეარჩევს, ხოლო ათის ბედს კონკურსში მაყურებელთა ხმები გადაწყვეტს. ნუცა ბუზალაძე მომდევნო ტურში, სხვა კონკურსანტებთან ერთად, 12 რჩეულს შორის მოსახვედრად იბრძოლებს. ხმის მიცემა და მხარდაჭერა ახლა უმნიშვნელოვანესია. მომდევნო ეპიზოდის ტელეტრანსლაცია ნიუ-იორკის დროით 23 აპრილს, 20:00 საათზე, ლოს-ანჯელესის დროით 17:00 საათზე, ხოლო თბილისის დროით 24 აპრილს, 00:04 საათზე დაიწყება.
ხმის მიცემა პირდაპირი ეთერის დაწყებიდან 10 საათის განმავლობაში იქნება შესაძლებელი. ხმის მისაცემად არსებობს სამი გზა: „ამერიქან აიდოლის“ ოფიციალურ გვერდი, სპეციალური მობილური აპლიკაცია და მოკლე ტექსტური შეტყობინება. თითოეული ამ მეთოდით ათ-ათი ხმის, ანუ ჯამში 30 ხმის გაგზავნა იქნება შესაძლებელი.