გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი უნგრეთის რესპუბლიკის სახელმწიფო მდივანს გარემოსა და ცირკულარული ეკონომიკის  საკითხებში ანიკო რაისს  შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და უნგრეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

სახელმწიფო მდივანმა სურვილი გამოთქვა, საქართველომ და უნგრეთმა გარემოსდაცვითი განათლების მიმართულებით ერთობლივი აქტივობები განახორციელონ, მათ შორის, გაცვლითი პროგრამები და გამოცდილების გაზიარების ღონისძიებები. სახელმწიფო მდივნის განცხადებით, აღნიშნული ხელს შეუწყობს თანამშრომლობის გაღრმავებას და სამომავლო ერთობლივი პროექტების დაგეგმვას.

აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა, უნგრეთში ვიზიტის ფარგლებში, გარემოსა და ჯანმრთელობის მინისტრთა რიგით მე-7 კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, სადაც ევროკომისიის და სხვადასხვა ქვეყნის მაღალი დონის წარმომადგენლებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა გარემოს დაცვის მიმართულებებით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების და მიღწეული შედეგების შესახებ. მინისტრის პირველმა მოადგილემ, ვიზიტის ფარგლებში, პირისპირ შეხვედრები გამართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გარემოს, ბუნების დაცვის, ბირთვული უსაფრთხოების და მომხმარებელთა დაცვის ფედერალურ მინისტრ შტეფი ლემკესთან და  გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) გარემოსდაცვითი განყოფილების დირექტორ მარკო კაინერთან.