მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი ახორციელებს მნიშვნელოვან ცვლილებებს, რომელიც ეხება სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში შესასყიდი სამუშაოების სარეკომენდაციო ღირებულებების დადგენას, -  ამის შესახებ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის საქმიანობის 2025 წლის ანგარიშშია აღნიშნული.

დეპარტამენტმა შეისწავლა და გააანალიზა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისა და ადგილობრივი თვითმართველობების მიერ შესყიდული ათეულობით მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები.

„აღნიშნული შესწავლის ფარგლებში, თვალსაჩინოდ გამოიკვეთა შესყიდვის დაგეგმვის ეტაპზე სამშენებლო სამუშაოების ღირებულების დადგენის არაერთგვაროვანი პრაქტიკა, რაც დიდწილად განაპირობებდა გამოცხადებული ტენდერების უშედეგოდ დასრულებას, შესყიდული სამუშაოების ხარისხსა და სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას ან არაჯეროვან შესრულებას. მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში შესასყიდ სამუშაოებთან დაკავშირებით გაიმართა არაერთი შეხვედრა შემსყიდველ ორგანიზაციებთან, რომლებიც ახორციელებენ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, და სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფთან, მათ შორის, ა(ა)იპ ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციასთან. დეპარტამენტის ინიცირებით, გამოიცა საქართველოს მთავრობის განკარგულება, რომლითაც სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დაევალა სამშენებლო სამუშაოების შესყიდვასთან დაკავშირებით სამშენებლო მასალების, მანქანა-მოწყობილობებისა და შრომის ანაზღაურების შესაბამისი სარეკომენდაციო საბაზრო ღირებულების განსაზღვრა“, -  აღნიშნულია დოკუმენტში.

ანგარიშის თანახმად, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ შეიმუშავა შრომის ანაზღაურების სარეკომენდაციო საბაზრო ღირებულებები, რაც ხელფასების მხრივ საშუალოდ 20-25 პროცენტიანი ზრდას გულისხმობს. გარდა ამისა, ბიურო მოამზადებს სამშენებლო სამუშაოების შესყიდვასთან დაკავშირებული სამშენებლო მასალების, მანქანა-მოწყობილობებისა და შრომის ანაზღაურების საბაზრო ღირებულების ნუსხას, რომელიც ყოველწლიურად განახლდება და სახელმწიფო უწყებებს, საჯარო/კერძო ორგანიზაციებს და დაინტერესებულ პირებს საშუალებას მისცემს, ეფექტიანად დაგეგმონ და წინასწარ გაითვალისწინონ სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებული სავარაუდო ხარჯები.

როგორც მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტში აღნიშნავენ, სამშენებლო მასალების შესაბამისი სარეკომენდაციო საბაზრო ფასის დადგენა და მისი ყოველწლიური განახლება ხელს შეუწყობს შესყიდვების ეფექტიანად, რაციონალურად და გამჭვირვალედ განხორციელებას, რაც თავის მხრივ, აისახება შესყიდული სამუშაოების ხარისხობრივ მაჩვენებლებზე.