მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფისთვის 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 მილიონ 900 ათასი ლარით მეტი თანხა გამოიყოფა.

2016 წელს ამ მიმართულებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან 12 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი, 2017 წელს კი, 16 მილიონ 900 ათასი ლარია განსაზღვრული. 

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის სექტემბერში განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, რომ წელს ყველა სახელმძღვანელოს გასდის ექსპლუატაციის ვადა და 2017 წელს საჭირო იქნება მათი თავიდან მომზადება. 

მისი თქმით, 2017 წელს 1-4 კლასებში სახელმძღვანელოების გრიფირება მოხდება. 

ამისთვის კი, საერთო ჯამში, ჯეჯელავას ვარაუდით 18-19 მილიონი ლარი იქნება საჭირო. 

„მომავალ წელს ზოგიერთ კლასში იქნება ახალ შინაარსიანი ახალდაბეჭდილი, ზოგიერთ კლასში ძველშინაარსიანი სახელმძღვანელო, მაგრამ ისიც ახალ დაბეჭდილი. რომელი სახელმძღვანელოც შინაარსობრივად არ იცვლება, ისიც იცვლება ფიზიკურად. მომავალ წელს ეს დაახლოებით 18-19 მილიონი ლარი დაგვიჯდება“, - აცხადებდა ალექსანდრე ჯეჯელავა.