ფაქტია, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზა შესაბამისობაში ვერ მოდიოდა იმ აღიარებულ ეკონომიკურ წარმატებასთან, რომელიც ქვეყანას ჰქონდა ბოლო წლების განმავლობაში. სწორედ ამ მიზეზთა გამო იქმნებოდა ნიადაგი აღნიშნული რიცხვებით მანიპულირებისა და ყალბი შთაბეჭდილებების შესაქმნელად, - განაცხადა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სახელმწიფოს მიზანია, რომ ბაზაში რჩებოდნენ ის ოჯახები, რომლებსაც რეალურად ეკუთვნით აღნიშნული სოციალური დახმარება.
„დროა, წერტილი დაესვას ასეთ პოლიტიკურ სპეკულაციებს და ამ მიზნით, სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სოციალური მომსახურების სააგენტო, იწყებს ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების გადამოწმების აქტიურ პროცესს.
ჩვენი მიზანია, რომ ბაზაში რჩებოდნენ მხოლოდ ის ოჯახები და ადამიანები, რომლებსაც დღეისთვის, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, რეალურად ეკუთვნით სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერა, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს სოციალური შემწეობის გაცემას, ასევე იმ მრავალი შეღავათით სარგებლობას, რასაც ითვალისწინებს კანონმდებლობა. ბაზაში არ უნდა რჩებოდნენ ოჯახები და პირები, რომლებიც, ამ მდგომარეობით ვერ შეძლებდნენ აღნიშნული სტატუსის მოპოვებას ვერც ახლა და ვერც წარსულში.
ამგვარად, იქნება შესაძლებელი, რომ ბაზა გახდეს რეალური, რაც თავის მხრივ, აუცილებელია მეტი სოციალური სამართლიანობის უზრუნველსაყოფად, იმისთვის, რომ სოციალური დაცვისთვის გათვალისწინებული სახელმწიფოს რესურსები რეალურად ხმარდებოდეს და სრულად და უფრო ეფექტიანად ხმარდებოდეს მხოლოდ იმ ადამიანებს, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება და ვისაც ეს ნამდვილად ეკუთვნის,“- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.








