მგელზე და ტურაზე ნადირობის ჯარიმისგან გათავისუფლებას ითხოვენ. შესაბამისი საკანონმდებლო წინადადებით მოქალაქე გიორგი ლაბაძემ პარლამენტს მიმართა.

კერძოდ, საკანონმდებლო წინადადების ავტორი ითხოვს, რომ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილება შევიდეს, რომლის თანახმადაც, ნადირობის წესების დარღვევად არ ჩაითვალოს ისეთი მტაცებელი ცხოველების მონადირება, რომელთა სიმრავლეც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ასევე სოფლის მეურნეობის წარმართვას და განვითარებას. 

„უკანასკნელი წლების განმავლობაში, საქართველოს ტერიტორიაზე აღინიშნება მტაცებელი ცხოველების მომრავლება, მათ მიერ მოქალაქეებზე თავდასხმა და სოფლის მეურნეობის ნორმალურ წარმართვაში ხელის შეშლა. საუბარია ტურასა და მგელზე, რომლებიც უმოწყალოდ ერჩიან მოსახლეობას და მათ მიერ, დიდი გარჯის ფასად შექმნილ სოფლის მეურნეობას. ყველა ამ გარემოებების კვლევისას, წავაწყდით ინფორმაციას, რომ არაოფიციალურად, საქართველოში რამდენიმე ათასი მგელი ბინადრობს, რაც საკმაოდ ბევრია. ეს ნიშნავს, რომ საქმე პრობლემასთან გვაქვს. 

ამის მიუხედავად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, 86-ე მუხლით ითვალისწინებს სანქციას ნადირობის წესების დარღვევისთვის. ნადირობის წესების დარღვევად ითვლება ლიცენზიის ან სეზონის გარეშე ნადირობა, თუმცა, ამ დროსაც ლიცენზია მხოლოდ ფრინველზე გაიცემა, გამოდის, რომ მგლის მონადირება, ნებისმიერ დროს, გარდა მის მიერ ადამიანზე თავდასხმისა, არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და ისჯება ჯარიმით, ეს ხდება მაშინ, როდესაც ქვეყანაში, მისთვის არაპროპორციულად ბევრი მგელი ბინადრობს“, - აღნიშნულია მიმართვაში.