"დადგა წუთები, როდესაც ჩვენ სიონის წმინდა ტაძრის ძვალთშესალაგს უნდა მივაბაროთ ჩვენი ძვირფასი, სულიერი წინამძღოლის, კათოლიკოს პატრიარქ ილიას ნეშტი", - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის თანამოსაყდრემ, მეუფე შიომ მას შემდეგ განაცხადა, რაც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორეს ცხედარი სიონის საკათედრო ტაძარში დაასვენეს.
მეუფე შიომ, ყურადღება გაამახვილა პატრიარქის განსაკუთრებულ დამოკიდებულებაზე, იმ ტაძრისადმი, რომელშიც თავის საპატრიარქო მოღვაწეობა დაიწყო და სადაც მისი სამუდამო განსასვენებელი იქნება.
"ყოვლად სამღვდელონო, მღვდელმთავარნო, ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, დადგა წუთები, როდესაც ჩვენ სიონის წმინდა ტაძრის ძვალთშესალაგს უნდა მივაბაროთ ჩვენი ძვირფასი, სულიერი წინამძღოლის, კათოლიკოს პატრიარქ ილიას ნეშტი.
განსაკუთრებული იყო მისი დამოკიდებულება ამ ტაძრისადმი, აქ დაიწყო მისი 49 წლიანი საპატრიარქო მოწამებრივი სამოციქულო ღვაწლი და გზა. სწორედ ამ ტაძარში ჩაისახა მთავარი იდეა, რომელსაც ხორცი შეასხა შემდგომ მისმა უდიდებულესობამ და უნეტარესობამ, რამაც დიდი სიკეთე მოუტანა ჩვენს ქვეყანას და ეკლესიას, იმ სიწმინდეთა შორის, რომელთა მადლი მუდამ სდევდა მისი უდიდებულესობის მოღვაწეობას და იმ წმინდათა შორის, იმ პატრიარქთა შორის, რომლებიც წმინდანად შეირაცხნენ მისი ინიციატივითა და ღვაწლით. ამ ყველაფერმა განაპირობა მისი განსაკუთრებული დამოკიდებულება სიონის საკათედრო ტაძრის, საპატრიარქოსადმი, რაც გამოვლინდა იმაში, რომ მან ინება დაკრძალულიყო სწორედ ამ წმინდა ტაძარში.
დღეს ჩვენი გულები სავსეა ემოციით, გრძნობებით, სიტყვებით, ყველას გვინდა რაღაც ვთქვათ, ბოლოს გამოვხატოთ ჩვენი სიყვარული, ერთგულება, მადლიერება და ალბათ, კიდევ ერთი რამე, რაც უნდა თქვათ - შენდობა უნდა ვთხოვოთ მის უწმინდესობასა და უნეტარესობას ყველაფრისთვის, რაც ვერ შევასრულეთ ისე, როგორც მას სურდა და ის გვაკურთხებდა", - განაცხადა მეუფე შიომ.




