დიადი ერის უდიდესი წარმომადგენლები ხართ თითოეული თქვენგანი, ეს დაიმახსოვრეთ. ეშმაკთან ჭიდილში არ შედრკა ქართველი, არ შედრკა ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესია. თუ სხვებმა, სამწუხაროდ იერარქებმა, სამარცხვინო ნაბიჯები გადადგეს, (არა მარტო მართლმადიდებლობაში), ერთადერთი ეკლესია ვართ, რომელმაც არ უარყო ქრისტეს სწავლება. ცოდვებს ჩავდივართ, რაღაცას ვაშავებთ, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, გვახსენდება, რომ ქრისტეს იქით არავინ და არაფერი გვინდა, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ანაგის ფერისცვალების ტაძარში, ქადაგებისას განაცხადა.

"დღეს რა ხდება?! ქართველები ისევ ვუსმენთ ქრისტეს?! თუ ქრისტემ გაიარა თავისი გოლგოთა, თავისი ჯვარცმა, თუ მისი ხარ, პიროვნება ხარ თუ ერი, შენც გექნება შენი გოლგოთის და შენი ჯვარცმის გავლა. ჩვენი ცოდვებისთვის, ხშირად დაუშვებს უფალი, რომ ხან რომელი დამპყრობელი დაგვიპყრობს, ხან რომელი გვიტევს, ხან რა ჩამოვარდება. მაგალითად, რუსებს ჩვენი ტერიტორიის 20% დაპყრობილი აქვთ, (თითქოს მიწები არ ჰყოფნიდეთ). 20% დაპყრობილი აქვთ და რა მდგომარეობაში ვართ?! ელოდებიან, რაღაც ნაბიჯი გადადგა, რომ უფრო მეტზე წამოიწიონ.

მეორე ალტერნატივა რა გვაქვს?! ნატოსა და ევროპისკენ მივდიოდით, კონსტიტუციაშიც გაცხადებულია და სანაცვლოდ რას ვიღებთ - რუსები თუ ტერიტორიით გვემუქრებიან, ევროკავშირი, ვიზებს ჩამოგართმევთო და წამოსვლის პროცესს გაგირთულებთო. იქით მიწები, აქეთ უვიზო მიმოსვლა. ყველამ კარგად იცოდეს, მიწებს არ დავთმობთ და აუცილებლად დავიბრუნებთ. თუ ადამიანს ალტერნატივა გაქვს, რის სანაცვლოდ გეუბნებიან ვიზებს?! ოჯახური ღირებულებები რად გინდაო! მარტივად რომ ვთქვათ, მაგის პრობლემა ქართველებს არ გიდგათო. ჩვენ ხომ ჩვენი ერისთვის სიკეთე გვინდა და რაც უფრო იოლად იქნება ხალხისთვის ცხოვრება, ოღონდ არა იმის ხარჯზე, რომ ღმერთს უღალატო. არც რუსეთის გვეშინია და არც თქვენი“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.