მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამ დღეს ყველა მოქმედ ტაძარში წირვა–ლოცვა აღევლინება.
წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.
წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.
წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს მისი გარდაცვალება.