ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, მამა შალვა (კეკელიამ), მრევლთან ერთად, კლუბ „ბასიანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე პარაკლისი გადაიხადა.

მამა შალვა კეკელიას განცხადებით, პარაკლისის გადახდის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც კლუბის ტერიტორიაზე ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა. მისი თქმით, 19 წლის გოგო კლუბურმა ნარკოტიკმა იმსხვერპლა.

„რამაც აქ მოსვლა და პარაკლისის გადახდა გადამაწყვეტინა იყო ის, რომ ელენეს წესის აგება მომიწია. იმ დღეს, როდესაც წესს ვაგებდი, მთელი დღე იმას ვფიქრობდი, მერამდენე ადამიანისთვის მივდივარ ასე წესის ასაგებად და ამ ადამიანმა რამდენი ადამიანი უნდა შეიწიროს. მოდით, ვისაუბროთ ამ თემებზე. როგორ ვუშველოთ ამ ჩვენს ახალგაზრდობას. მინდა მივმართო მთავრობას, პოზიციას, ოპოზიციას, სახალხო დამცველს, არასამთავრობოებს, ყველას მინდა მივმართო, ვისაც ამ ქვეყნისთვის გული სტკივა - მოდით, ვისაუბროთ ამაზე. ეს პრობლემა ქვეყანაში როგორ მოვაგვაროთ, რადგან დღეს ნარკოტიკები იყიდება ყველგან“, - განაცხადა მამა შალვამ.