კულტურის სამინისტროს ინფორმაციით,  მწერალთა სახლში ქართველი პოეტისა და კრიტიკოსის, ამერიკის პოეტთა აკადემიის წევრის, დოქტორ ნინო დარბაისელი-სტრონის საჯარო ლექცია გაიმართა. ღონისძიებაზე ავტორმა წარმოადგინა ჟურნალ ,,ცისკრის” ბოლო ნომერში გამოქვეყნებული საკუთარი ახალი კრიტიკული გამოკვლევა სათაურით ,,სამჯერ ვარ დაბადებული, მონათლული ვარ სამჯერა”.

 საჯარო ლექციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი და მწერალთა სახლის დირექტორი ქეთევან დუმბაძე ესწრებოდნენ.

ღონისძიებას უძღვებოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, აღმოსავლეთმცოდნე, მთარგმნელი და პოეტი გიორგი ლობჟანიძე. მოხსენების წარდგენის შემდეგ გაიმართა დისკუსია. ავტორმა უპასუხა სტუმრების - ამირან გომართელის, ნაირა გელაშვილის, ბელა ალანიას, თამარ ბოლქვაძის, ლია კუხიანიძისა და სხვების კითხვებს.

მოხსენება, გარდა იმისა, რომ ავტორი მსჯელობს ხალხურად მიჩნეული ტიციან ტაბიძისეული ლექსის გენეზისისა და ცისფერყანწელთა ორდენის დაარსების ისტორიის შესახებ, გვთავაზობს ლექსის პირველი სტრიქონების ორიგინალურ ინტერპრეტაციას.