კრწანისის რაიონში, მარნეულის გზატკეცილზე, ფერდი N1-ის მიმდებარედ, ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, პროექტის განხორციელების შედეგად, ადგილობრივ მცხოვრებლებს დასვენების შესაძლებლობა ექნებათ.

„პროექტის მიზანია, აღნიშნულ ტერიტორიაზე შეიქმნას თანამედროვე, კეთილმოწყობილი და ფუნქციური სივრცე, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას დასვენებისა და ბავშვებთან ერთად დროის სასიამოვნოდ გატარების შესაძლებლობა ექნება.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა გრუნტის დამჭერი გაბიონური კედლები, საფეხმავლო ბილიკები და გარე განათების სისტემა. ტერიტორიაზე განთავსდება ფანჩატურები, მოსასვენებელი სივრცის შესაბამისი ფურნიტურა და საბავშვო მოედანი. ასევე, დაირგვება ხე-მცენარეები. ყველანაირად მოწერიგებული და განახლებული სივრცე იქნება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

პროექტის ღირებულება 760 000 ლარს შეადგენს და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.