თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე კონსტანტინე ზარნაძე საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე თამარაშვილის ქუჩაზე განაშენიანების პროექტის საკითხს გამოეხმაურა.

საკრებულოს წევრის თქმით,  აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით კოლეგებისგან ბევრი ინფორმაცია მიიღო, თუმცა ოპოზიციონერი კოლეგების მხრიდან არგუმენტები, თუ რატომ ეწინააღმდეგებიან ამ პროექტის განხორციელებას, არ მოუსმენია.

„ბევრი ვისაუბრეთ ამ პროექტთან დაკავშირებით, თუმცა ოპოზიციონერი კოლეგების არგუმენტირებული აზრი არ მოგვისმენია. ისინი არ ესწრებიან კომისიების სხდომას და არც თავიანთი არგუმენტები წარმოუდგენიათ ჩვენთვის და  მოსახლეობისთვის, რატომ არიან ამ მშენებლობის წინააღმდეგნი. ოპოზიცია   არ ესწრება საკრებულოს სხდომას, რადგან  ყველამ კარგად იცის, რომ სწორედ ისინი აპირებდნენ  იპოდრომის  მთელი ტერიტორიის განაშენიანებას. საბედნიეროდ, ეს ტერიტორია გადარჩენილია და ქალაქს დაუბრუნდა. იმედია, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები რაიმე არგუმენტს წარმოგვიდგენენ, თუ რატომ არის ეს პროექტი ურბანული გენოციდის მაგალითი“, - განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ.

როგორც საკრებულოს წევრმა აღნიშნა, მოსახლეობა  შეცდომაში შეჰყავთ, თითქოს მშენებლობა იპოდრომის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. მისი თქმით,  იპოდრომის ტერიტორიაზე მოეწყობა პარკი, განაშენიანება კი თამარაშვილის ქუჩის მიმდებარედ მოხდება.