კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „მთავარი არხი“ ეთერში პოლიტიკური შინაარსის რეკლამის კანონდარღვევით განთავსებისთვის წერილობით გააფრთხილა. კომისიის მიერ განხორციელებული მედიამონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ მიმდინარე წლის ივლისში, აღნიშნულ ტელევიზიაში გავიდა ვიდეორგოლები, სადაც ნეგატიურ კონტექსტში ნაჩვენები და დასახელებული იყვნენ პარლამენტის ის წევრები, რომლებმაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს მხარი დაუჭირეს.
კომისიამ მიიჩნია, რომ ვიდეორგოლები ემსახურებოდა 2024 წლის 26 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში პოტენციურად მონაწილე პოლიტიკური გაერთიანებებისა და მათი წარმომადგენლების არჩევის ხელშეშლას, შესაბამისად, ვიდეორგოლები განეკუთვნა პოლიტიკურ რეკლამას.
პოლიტიკური რეკლამის შემცველი ვიდეორგოლები კი ეთერში განთავსდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების წესებისა და ნორმების დარღვევით. კერძოდ, კანონმდებლობის თანახმად, პოლიტიკური რეკლამის საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული პერიოდისა და პროცედურის მიღმა განთავსება დაუშვებელია.
გამომდინარე იქიდან, რომ „მთავარი არხი“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი დარღვევისთვის არ დასანქცირებულა, კომისიამ მაუწყებელი წერილობით გააფრთხილა და ვიდეორგოლების სამაუწყებლო ბადიდან დაუყოვნებლივ ამოღება დაავალა.