კულტურის სამინისტრო ცნობილ ქართველ კომპოზიტორს, დირიჟორსა და პიანისტს, ვახტანგ კახიძეს, 65 წლის იუბილეს ულოცავს.

ვახტანგ კახიძის პროფესიული განათლება თბილისის II სამუსიკო სასწავლებლის საგუნდო-სადირიჟორო განყოფილებასა და მოსკოვის კონსერვატორიის საკომპოზიტორო ფაკულტეტს უკავშირდება, მისი ხელმძღვანელები იყვნენ გამოჩენილი კომპოზიტორები ნიკოლოზ სიდელნიკოვი და ედისონ დენისოვი.

1988 წლიდან მამისა და გამოჩენილი დირიჟორის, ჯანსუღ კახიძის, ხელმძღვანელობით, ვახტანგ კახიძე სადირიჟორო ხელოვნებას დაეუფლა და მისი, როგორც დირიჟორის, დებიუტი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, საკუთარი ბალეტის, „ამორძალების“, წარდგენისას შედგა. აღსანიშნავია, რომ იგი 2002 წლიდან თბილისის სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორია. ვახტანგ კახიძე თანამშრომლობდა და თანამშრომლობს მსოფლიოს არაერთ გამოჩენილ მუსიკოსთან. აღსანიშნავია ასევე, რომ დირიჟორი საქმიან ურთიერთობას ეწევა პრაღის, კიევის და პეკინის სიმფონიურ ორკესტრებთან; კამერულ ორკესტრებთან: „კამერატა ბალტიკა“, „მოსკოვის სოლისტები“ და ისრაელის კამერული ორკესტრი, ასევე, პარიზის წმინდა სამების ტაძრის გუნდთან და ორკესტრთან, გერმანულ ანსამბლთან „Del Arte“ და სხვა.ვახტანგ კახიძეს შექმნილი აქვს: ოპერა „ბარბალე“ (მუსიკალური პარაფრაზი ვ. დოლიძის ოპერის „ქეთო და კოტე“ მიხედვით, ჯ. კახიძესთან ერთად), მიუზიკლი „სიყვარულის თავშესაფარი“, ბალეტი „ამორძალები“; „შეჰერეზადე“- მუსიკა საბალეტო დადგმისთვის. ინსტრუმენტული მუსიკიდან: საფორტეპიანო კონცერტი და „Bruderschaft“- ალტის, ფორტეპიანოსა და სიმებიანი ორკესტრისათვის, სიმებიანი კვარტეტი. ვოკალურ- ინსტრუმენტული ნაწარმოებებიდან: „ფსალმუნი“ სამი ფლეიტისა და ტენორისათვის, კანტატა „იმედის გვირილაო“ მეცო-სოპრანოს, ტენორის, ბარიტონისა და კამერული ორკესტრისათვის, „ანარეკლი“ მამაკაცთა ოქტეტისა და აკუსტიკური გიტარისათვის, „ალილუია“ ორგანის, ვიოლონჩელისა და ვოკალისათვის, ჯაზკანტატა შერეული გუნდისა და ჯაზის ინსტრუმენტებისათვის, ქრისტეს შობიდან 2000 წლისთავისადმი მიძღვნილი ტრილოგია მამაკაცთა, ბიჭუნათა გუნდებისა და ლითონის ჩასაბერ საკრავთა ორკესტრისათვის, „2000-Milenium“ სოპრანოს, ტენორის, შერეული გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისათვის. საგუნდო მუსიკიდან აღსანიშნავია: „იავნანა“ შერეული გუნდისთვის, „გალობა“ მამაკაცთა ოქტეტისათვის.მან დაწერა მუსიკა კინოფილმებისათვის: „ბანდიტი აგურის ქარხნიდან“ (რეჟ. გ. მატარაძე), „ვინ არის მეოთხე“ (რეჟ. ო. კობერიძე), „შემსრულებელი 977“ (რეჟ. ო. ლითანიშვილი), „ბესამე“ (რეჟ. ნ. ახვლედიანი), „თვინიერი“ (რეჟ. ა. ვარსიმაშვილი), „ექსპრეს-ინფორმაცია“ (ჯ. კახიძესთან ერთად, რეჟ. ე. შენგელაია), „იავნანა“ (ჯ. კახიძესთან ერთად, რეჟ. ნ. ჯანელიძე), „ნუცას სკოლა“ (რეჟ. მ. კოკოჩაშვილი), „მიჯაჭვული რაინდები“ (რეჟ. გ. ჩოხელი).

შექმნა მუსიკა 50-ზე მეტი სპექტაკლისათვის, მათ შორის: „მშვენიერი ქართველი ქალი“ (რუსთაველის თეატრი), „სიყვარულის სავანე“ (ვ. აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიის თეატრი), „ხანუმა“ (ვაკის სარდაფი) და სხვა. არის მრავალი სიმღერის და ჯაზური კომპოზიციის ავტორი.ვახტანგ კახიძის, როგორც მეტად მნიშვნელოვანი თანამედროვე შემოქმედის, აღიარების კიდევ ერთი დასტურია გასულ წელს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ბელგიასა და მის მეზობელ ქვეყნებში წარმატებით გამართული ქართული კულტურისადმი მიძღვნილი ფესტივალის, „ევროპალია-საქართველოს“, ფარგლებში ბელგიის ქალაქ ანტვერპენის დედოფალ ელისაბედის სახელობის საკონცერტო დარბაზში აჟღერებული კომპოზიტორის „რეკვიემი“. აღსანიშნავია, რომ „რეკვიემი“, რომელიც კომპოზიტორმა მშობლებს მიუძღვნა, სოლისტი ბიჭუნას, ქალთა კვარტეტის, ვაჟთა სექსტეტის, სიმფონიური ორკესტრისა და შერეული გუნდისთვის არის დაწერილი. ნაწარმოები ევროპაში პირველად შესრულდა და მსმენელის დიდი მოწონება დაიმსახურა.

ვახტანგ კახიძე 2002 წლიდან არის სსიპ ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი. აგრეთვე, საერთაშორისო ფესტივალების: „შემოდგომის თბილისი“ და „ჯანსუღ კახიძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი“ დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი.ვახტანგ კახიძე 1981 წელს გახდა საბჭოთა კავშირის ახალგაზრდა კომპოზიტორთა კონკურსის პირველი პრემიის მფლობელი და მიღებული აქვს ღირსების ორდენი (2000 წ.), რუსთაველის პრემია (2010 წ.), ზაქარია ფალიაშვილის პრემია (2015 წ.), საქართველოს კინოაკადემიის პრიზი „ნატო“ (1997 წ.), თბილისის მერიის სპეციალური პრიზი „გაზაფხული“.საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო გულითადად ულოცავს ვახტანგ კახიძეს იუბილეს, უსურვებს ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და წარმატებულ საქმიანობას.