სამხედრო წოდებისა და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირების კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დაწესებული მაქსიმალური 560-ლარიანი ზღვარი 1000 ლარით იცვლება. აღნიშნულიდან გამომდინარე ცვლილებები შედის „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში.

მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივით მომზადებული კანონპროექტი საპროცედურო საკითხთა და წესების და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა.

მომხსენებლის ინფორმაციით, საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების პროცესში აქტიურად იყო ჩართული ყველა ის სახელმწიფო უწყება, რომლებიც სახელმწიფო კომპენსაციების და აკადემიური სტიპენდიების გაცემის პროცესს განსაზღვრავს. მისივე თქმით, კონსულტაციების და საკითხის შესწავლის შემდეგ მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, 2006 წლის 1 იანვრიდან დადგენილი 560-ლარიანი ზედა ზღვარი 1000 ლარამდე შეიცვლება.

წარმოდგენილი ცვლილებები ძალოვანი უწყებების თადარიგში მყოფ თანამშრომლებზე, სამოქალაქო ავიაციის, პროკურატურის და საერთო სასამართლოების ყოფილ მოსამსახურეებზე, ასევე პარლამენტის წევრებზე, პარლამენტის აპარატის თანამშრომლებზე, გენერალურ აუდიტორსა და მის მოადგილეებზე და უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირებზე გავრცელდება.

სხდომაზე მომხსენებელმა ძალოვანი სისტემის ყოფილი თანამშრომლების კომპენსაციის დაანგარიშების წესი განმარტა და განაცხადა, რომ კომპენსაციის ოდენობა ნამსახურევი წლების და სამხედრო ან სპეციალური წოდების მიხედვით დაანგარიშდება და არსებულ საბაზისო პენსიის ოდენობას დაემატება.

რაც შეეხება სამოქალაქო პირებისთვის დაწესებულ კომპენსაციებს,  პარლამენტის წევრის ყოველთვიური კომპენსაცია 1000 ლარით, აპარატის თანამშრომლის - 882 ლარით, გენერალური აუდიტორის და მისი მოადგილეების - 1000 ლარით, უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირის კი - 717 ლარით განისაზღვრება.

ალექსანდრე დარახველიძის ინფორმაციით, წარმოდგენილი ცვლილებებით ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 45 მლნ. ლარით იზრდება. მისივე თქმით, კანონპროექტის პირველი მოსმენისას გამოთქმული შენიშვნები და წინადადებები ფინანსთა სამინისტროსთან ერთად კიდევ ერთხელ განიხილება.

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებმა წარმოდგენილი ცვლილებების  პირველი მოსმენით მიღებას მხარი დაუჭირეს.