ხათუნა გოგობერიშვილი გადაცემა "საქართველოს დაბადება"-ში 1990 წლის არჩევნებს იხსენებს და აცხადებს, რომ ზვიად გამსახურდია არჩევნებში გამარჯვებით სულაც არ იყო გახარებული.
"გავიდა მხოლოდ "მრგვალი მაგიდა" და "კომუნისტური პარტია". ვიყავით შეკრებილები "ბლოკი თავისუფლება"-ს წარმომადგენლები, 6 პარტია. ვთქვით, რომ მოდი წავიდეთ და მივულოცოთ "ეროვნული მოძრაობის პარტიას", რადგან მოიგო არჩევნები. მერე რა, რომ ჩვენ ვერ მოვხვდით, მაინც უნდა მივულოცოთ. ჩავსხედით, წავედით მაჩაბელზე, ახლა რომ მწერალთა სახლია, მაშინ იყო მრგვალი მაგიდის ოფისი. შევედით გამსახურდიასთან კაბინეტში, ვეუბნებით გილოცავთ, რა მაგარია, კომუნისტებზე მეტი ხმა აიღეთ და ასე შემდეგ. მართლა ძალიან გვიხაროდა, მაგრამ თავად ზვიადი დაგვხდა ძალიან ცუდ ხასიათზე. და გვითხრა, თქვენც რომ გასულიყავით, სახალხო ფრონტზე, თუნდაც 2-3 ადამიანი მაშინ ვიქნებოდი ბედნიერიო. ახლა კი ავიღე, ბევრი ადგილები მექნება პარლამენტშიო, მაგრამ... ფოთში სათევზაოდ რომ დავდივარო, ჩემთან ერთად მეთევზე ვინც არისო, სიის შესავსებად ჩავწერეო და პარლამენტშიაო. გესმით რა მომელისო? აცნობიერებდა რომ ახლა იყო ყველაფერის დასაწყისი, რადგან კომუნისტები იყვნენ სათავეში. იმხელა სია გაიყვანა, მაგრამ ადამიანების დეფიციტი ჰქონდა. როდესაც დავბრუნდით ჩვენს ოფისში, იქიდან გამოდიოდა დიმპიტაური-დამპიტაურის ხმები. მერე ვამბობდით, ნორმალურები ვართთქო? ჩვენ წავაგეთ და აღვნიშნავთ, იმათმა მოიგეს და რა სახეები ჰქონდათ-თქო",- განაცხადა გოგორიშვილმა.