თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ლაბუჩიძე, თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი და საბავშვო ბაგა-ბაღების  მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი გოგი ჩიქოვანი ისნის რაიონში მდებარე ბაღების მშენებლობის პროცესს გაეცნენ.

როგორც კახა ლაბუჩიძემ აღნიშნა, 2023 წლის ბოლომდე დედაქალაქში დასრულდება და ექსპლუატაციაში შევა 9 ახალი საბავშვო ბაღი, რომელთაგან ორი ისნის რაიონში, ნავთლუღსა და ვაზისუბანში, მდებარეობს. ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, 2024 წლის ბოლომდე კი დაგეგმილია  მესამე  საჯარო საბავშვო ბაღის აშენებაც, ის 20-ჯგუფიანი იქნება და  700 აღსაზრდელს მოემსახურება.

რაც შეეხება N30 საბავშვო ბაღს - იგი ნავთლუღში, ლობჟანიძის ქუჩაზე, მდებარეობს და მომავალი წლიდან 350 აღსაზრდელს მიიღებს. ხოლო ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტალში, აშოტ კურაპალატის ქუჩაზე,  ბაღის მშენებლობა მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება, რის შემდეგაც ის შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვება და 300 აღსაზრდელს მიიღებს.

„საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია, რამდენადაც ინფრასტრუქტურულად მოწესრიგებულ შენობა-ნაგებობებში კომფორტული გარემო იქნება, ეს კი აუცილებელია როგორც აღსაზრდელებისთვის, ისე ბაღებში მომუშავე პერსონალისთვის. ჩვენი ხედვა ბაღებთან მიმართებით უცვლელია. თითოეული ახლად გახსნილი ბაღი უნდა იყოს თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებით აშენებული და ყველანაირად ადაპტირებული“,  -  განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.

ახალი ბაღები ბავშვთა უსაფრთხოების ადგილობრივ თუ საერთაშორისო სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს და საგანმანათლებლო დაწესებულების სათანადო ფუნქციონირებისათვის ყველა პირობაა შექმნილი.