დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განმარტებით, 18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში მონაწილე კომპანიებისთვის, წინადადების წარსადგენად მიცემული ვადა საკმარისია.

როგორც მან მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განმარტა, აღნიშნულ კომპანიებს დაეგზავნათ შესაბამისი ინფორმაცია, მანამდე კი ფასთა გამოკითხვა ჩატარდა.

„წარმოდგენილ კომპანიებს დაეგზავნა შესაბამისი ინფორმაცია, რაც  ყველასთვის ხელმისაწვდომია. მანამდე ფასთა გამოკითხვა ჩატარდა, ტექნოლოგიური თვალსაზრისით თუ როგორი უნდა იყოს აღნიშნული ავტობუსები. აბსოლუტურად საკმარისია აღნიშნული ვადა. დედაქალაქი იმ ავტობუსებს მიიღებს, რაც საჭიროა ამ ქალაქისთვის. მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელება დავიწყეთ, რაც საკმაოდ მასშტაბურია და ბევრი კომპონენტისგან შედგება. ერთ-ერთ რისკენაც მივისწრაფვით არის ის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველასათვის ხელმისაწვდომი და კომფორტული გახდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.