"მე არ გავყოფ ფეხბურთელებს და გულშემატკივარს ერთმანეთისგან, რადგან ეს უკანასკნელი ეროვნული ნაკრების მეთორმეტე მოთამაშეა", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
კახა კალაძემ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასვლით შეხვედრაში, ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვება მიულოცა.
„მინდა ვისარგებლო შემთხვევით, მადლობა გადავუხადო, პირველ რიგში, ფეხბურთელებს ამ შესანიშნავი თამაშისთვის. მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. ძალიან დაძაბული და რთული მატჩი იყო, თუმცა დასრულდა ჩვენი გამარჯვებით. რა თქმა უნდა, ამ შემართებით უნდა გავაგრძელოთ. წინ ოქტომბერში ძალიან რთული და მნიშვნელოვანი შეხვედრები გველოდება. ჩვენს ფეხბურთელებს, პირველ რიგში, ჯანმრთელობას ვუსურვებ, რომ ოქტომბრის თამაშებს კიდევ უფრო მომზადებული შეხვდნენ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა ფეხბურთელებთან ერთად, განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ქართველ გულშემატკივრებს.
„მადლობას ვუხდი ასევე, მწვრთნელებს და ქართველ გულშემატკივარს. მე არ გავყოფ ნაკრებს და გულშემატკივარს ერთმანეთისგან, რადგან ეს უკანასკნელი საქართველოს ეროვნული ნაკრების მეთორმეტე მოთამაშეა. რა თქმა უნდა, ის მხარდაჭერა, თანადგომა, რომელსაც ჩვენი ბიჭები მათგან გრძნობენ, ძალიან ბევრს ნიშნავს. მერწმუნეთ, ჩემი განვლილი ცხოვრებიდან, როდესაც თავადაც ფეხბურთელი ვიყავი, ვიცი რამდენად მნიშვნელოვანია გულშემატკივრის მხრიდან ასეთი მხარდაჭერა არა მხოლოდ გამარჯვების, ასევე მარცხის დროსაც. სპორტი ასეთია - ხან მოიგებ, ხან წააგებ. ამიტომ არის ქართველი გულშემატკივარი დასაფასებელი. იმ ძნელბედობის ჟამსაც, როდესაც სირთულეები იყო, ვიღაცებს ჩვენი ნაკრების შეიძლება არ სჯეროდა, ვიღაცები ამას პოლიტიკურად არასწორად იყენებდნენ, მიდიოდა სპეკულაციები, მათ კი ნაკრების სჯეროდათ. რა თქმა უნდა, ყოველთვის ადეკვატური უნდა ვიყოთ და შევძლოთ სწორი შეფასებების გაკეთება“, - განაცხადა თბილისის მერმა.
ამასთან, კახა კალაძის თქმით, ეროვნული ნაკრების ბოლოდროინდელი წარმატება არის, როგორც თითოეული ფეხბურთელის მიერ გაწეული დიდი შრომის, ისე ფეხბურთის ფედერაციისა და სახელმწიფოს მხარდაჭერის შედეგი.