თბილისის საჯარო საბავშვო ბაღები ახალ სასწავლო-სააღმზრდელო წელს მნიშვნელოვანი სიახლეებით შეხვდა.
როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ბაგა-ბაღებში განხორციელდა სარემონტო-კეთილმოწყობის სამუშაოები, შენობები აღიჭურვა ახალი ტექნიკითა და ინვენტარით, პერსონალი კი გადამზადდა.
„აღსაზრდელთა უსაფრთხოება, მათი მაღალი ხარისხის კვებით უზრუნველყოფა, უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია ჩვენთვის. ყველა საბავშვო ბაღში გვაქვს ბავშვის განვითარებისთვის აუცილებელი, შესაბამისი კალორაჟის, ჯანსაღი, უფასო კვება. ამ კუთხით, გვაქვს მნიშვნელოვანი სიახლე: ზაფხულის არდადეგების პერიოდში 150-ზე მეტ საჯარო საბავშვო ბაღში სამზარეულოს ბლოკებში და სანიტარიულ-ჰიგიენურ წერტილებში ჩავატარეთ სარემონტო-კეთილმოწყობის სამუშაოები; აღვჭურვეთ საბავშვო ბაღები თანამედროვე სამზარეულოს ტექნიკით და ინვენტარით; განხორციელდა პერსონალის გადამზადება და სერტიფიცირება; თბილისის ყველა საჯარო საბავშვო ბაღში დავნერგეთ სურსათის უვნებლობისა და კვების უსაფრთხოების საერთაშორისო სისტემა HACCP (ჰასპი). ამ ღონისძიებების გატარების შემდეგ, გადავდივართ უსაფრთხოების უფრო მაღალ, საერთაშორისო სტანდარტებზე. HACCP-ი გახლავთ საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული წერტილების კონტროლის სისტემა, რომელიც საიმედოდ იცავს კვების უსაფრთხოებას საკვების მომზადებისა და მიწოდების ყველა ეტაპზე, უზრუნველყოფს სურსათის უვნებლობას ქიმიური, ბიოლოგიური და ფიზიკური საფრთხეებისგან, მათი წარმოქმნის პრევენციას და აღმოფხვრას საერთაშორისოდ აღიარებული რეკომენდაციების შესაბამისად. სისტემას აღიარებს როგორც აშშ და ევროკავშირი, ასევე, ჩვენი შიდა, ეროვნული კანონმდებლობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, თბილისის მერის განცხადებით, დედაქალაქი ახალ სასწავლო-სააღმზრდელო წელს სამი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღით შეხვდა, წლის ბოლომდე კი კიდევ ექვსი ბაღის მშენებლობა დასრულდება.
„გაიხსნა N130 საბავშვო ბაღი სამგორის რაიონში, N125 საბავშვო ბაღი ჩუღურეთის რაიონში და N108 საბავშვო ბაღი კრწანისის რაიონში. გარდა ამისა, წლის ბოლომდე დასრულდება კიდევ ექვსი საბავშვო ბაღის მშენებლობა და ეს ბაღებიც ეტაპობრივად შევა ექსპლუატაციაში. ახალი ბაღების მშენებლობა ემსახურება სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის ზრდას და ამ მიმართულებით კიდევ არაერთი პროექტი განხორციელდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ედაქალაქის მერის თქმით, ის ამაყობს, რომ მძიმე მდგომარეობაში მყოფი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების თანამედროვე ბაღებად გარდაქმნაში თავისი მცირე წვლილი მასაც აქვს შეტანილი.
„პირადად ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტულია, რომ ბაგა-ბაღები იყოს ყოველმხრივ მოწესრიგებული. ყველას გვახსოვს, რა მდგომარეობა იყო ბაღებში, ყველანაირი თვალსაზრისით - ინფრასტრუქტურის თუ კვების მიმართულებით. დღეს გვაქვს რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობა. რა თქმა უნდა, ვამაყობ ამით, რადგან მე, როგორც ქალაქის მერს, პატარა წვლილი მაქვს შეტანილი ამ ყველაფერში, თუმცა, რა თქმა, ყველაზე დიდი დამსახურება აქვთ ჩემს თანაგუნდელებს და კონკრეტულად იმ ადამიანებს, ვინც უშუალოდ ამ მიმართულებით მუშაობს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.