თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) 70 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ღონისძიების ფარგლებში, CERN-ის დელეგაციასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე CERN-ის დიდი ადრონული კოლაიდერის ორი დიდი ექსპერიმენტის  - ATLAS და CMS, ფიზიკოსთა ჯგუფის წევრებმა, ქართველ კოლეგებთან ერთად, თანამშრომლობის შედეგები შეაჯამეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები დაგეგმეს.

როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ აღნიშნა, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ბოლო 30 წლის განმავლობაში, CERN-თან თანამშრომლობა და თსუ მეცნიერების ჩართულობა დიდი ადრონული კოლაიდერის ექსპერიმენტებში ერთ-ერთ ყველაზე დიდ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს მეცნიერებაში  ჩვენი ქვეყნისთვის. „თსუ-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს CERN-თან თანამშრომლობას და იმ მიღწევებს, რაც ჩვენს ფიზიკოსებს აქვთ. CERN-ში ვიზიტისას, ATLAS და CMS ექსპერიმენტის ქართველ მონაწილეებს შევხვდი და ძალიან ამაყი ვიყავი, რომ ჩვენი ქართველი ფიზიკოსები ასე წარმატებულად მოღვაწეობენ და ასე აფასებენ მათ საქმიანობას CERN-ში. თსუ მზადაა ჩაერთოს ახალ, წრიული კოლაიდერის (FCC) პროექტში და წლის ბოლოს გავაფორმებთ მემორანდუმს“, - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

CERN-ის დელეგაციის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს სტუდენტების და ახალგაზრდა მეცნიერების ჩართულობაზე CERN-ის დიდი ადრონული კოლაიდერის ექსპერიმენტებში. „ძალიან მნიშვნელოვანია, სტუდენტებს მივცეთ შესაძლებლობა ჩაერთონ CERN-ის ექსპერიმენტებში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან 30-წლიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს. ამ წლების განმავლობაში თსუ-ს ფიზიკოსების კონტრიბუცია და, ზოგადად,  თსუ-სთან კოლაბორაცია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ATLAS  ექსპერიმენტის ტექნიკურმა კოორდინატორმა ლუდოვიკო პონტეკორვომ.

CERN-ის 70 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ღონისძიებას - „წარსული, აწმყო და მომავალი თანამშრომლობა Georgia-CERN“, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად მასპინძლობს, სადაც CERN-ის ფიზიკოსთა ჯგუფის წევრები ქართველ ფიზიკოსებთან ერთად შეაჯამებენ ბოლო წლებში ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის სფეროში მიღებულ შედეგებს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობა CERN-თან ჯერ კიდევ 90-იან წლებში დაიწყო და მიუხედავად იმ პერიოდის საქართველოს მძიმე სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობისა, ქართველმა ფიზიკოსებმა შეძლეს გამხდარიყვნენ ამ საერთაშორისო კოლაბორაციის ღირსეული წევრები. ამჟამად, ქართული ჯგუფის ძირითად ბირთვს კოლაბორაციაში შეადგენს თსუ მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტში მოქმედი ფიზიკოსთა გუნდი. გუნდის წევრებს მნიშვნელოვანი წვლილი აქვთ შეტანილი ATLAS-დანადგარის ორი მნიშვნელოვანი დეტექტორული სისტემის, ადრონული ტაილ-კალორიმეტრის და მიუნური კამერების შექმნასა და შემდგომი ფუნქციონირების საქმეში. გარდა ამისა, ფიზიკოსთა ნაწილი ჩართულია  ATLAS-ის ფიზიკური ანალიზის პროგრამაში. კვლევებში აქტიურად არიან ჩართული თსუ სტუდენტებიც, რომელთაც ბოლო 10 წელიწადში ამ პროგრამის ფარგლებში 3 სამაგისტრო და 2 სადოქტორო თეზისი დაიცვეს.
 

სამომავლოდ დაგეგმილია ადრონული ტაილ-კალორიმეტრის ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიმართულებით მუშაობის გაგრძელება. ასევე გრძელდება მუშაობა კოლაიდერის მეორე, მაღალი ნათების, ფაზის დროს აღებული მონაცემების დამუშავებაზე. ამჟამად ცერნში აქტიურად მიმდინარეობს ახალი პროექტის მომავალი წრიული კოლაიდერის, (FCC) პროექტის განხილვა. თსუ გეგმავს შეუერთდეს სამუშაოებს აღნიშნული პროექტის ფარგლებში და მოაწეროს ხელი ურთიერთგაგების მემორანდუმს FCC პროექტთან თანამშრომლობაზე. ეს მემორანდუმი ქართველ სტუდენტებს და ახალგაზრდა მეცნიერებს მისცემს საშუალებას აქტიურად იყვნენ ჩართულნი თანამედროვე კვლევებში.