ივანე ჩხაიძე: ადამიანები, რომლებიც აცხადებენ, რომ ვაქცინა არ იცავს, ინფორმაციას სოციალური ქსელიდან იღებენ - ეს არის „ფეისბუკის“ ერთ-ერთი ნეგატიური მოვლენა

1632198215
ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემა ის არის, რომ ქვეყანაში არის „ფეისბუკ“ ვაქცინაციისა და „ფეისბუკ“ ანტივაქსერების სერიოზული პრობლემა, – განაცხადა იაშვილის კლინიკისა და იმუნიზაციის მრჩეველთა ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის ეთერში, დასმული კითხვის საპასუხოდ, წამყვანის შეკითხვას, რას აკეთებს სახელმწიფო, რათა ანტივაქსერების მიერ შექმნილი სკეპტიკური განწყობები გაანეიტრალოს და ადამიანები დაარწმუნოს იმაში, რომ ვაქცინაცია არის გამოსავალი და პანდემიის დასრულების ერთადერთი გზა.
„ადამიანები, რომლებიც უარს ამბობენ და აცხადებენ, რომ ვაქცინა არ იცავს, რომ გარდაცვალების ფაქტები ვაქცინირებულთა შორისაც არის და ასე შემდეგ, ამ ინფორმაციას სოციალური ქსელიდან იღებენ. ეს არის „ფეისბუკის“ ერთ-ერთი ნეგატიური მოვლენა, რამაც ვაქცინაციის პროცესის მიმართ ადამიანთა განწყობები მნიშვნელოვნად შეცვალა. მე არ მგონია, რომელიმე სახელმწიფოს ჰქონდეს შესაბამისი ძალა, რომ ეს დამოკიდებულება შეცვალოს და სოციალური ქსელის მართვა რაღაცნაირად განახორციელოს, მაგრამ თუ მეკითხებით, რა უნდა დავუპირისპიროთ, უნდა დავუპირისპიროთ ადამიანებთან ყოველდღიური მისვლა იმ რეგიონებში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია. ეს პროცესი მიმდინარეობს და ეს თანდათან ხორციელდება“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
ივანე ჩხაიძემ მაგალითად ევროკავშირში ჩატარებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვლევა მოიყვანა და აღნიშნა, რომ ამ კვლევის მიხედვით, ძირითადად, ვაქცინაციაზე უარს ამბობდნენ ადამიანები, რომლებისთვისაც ინფორმაციის ძირითადი წყარო სოციალური მედია იყო, ხოლო უარის თქმის პროცენტი ძალიან დაბალი იყო იმ ადამიანებში, ვისთვისაც ინფორმაციის ძირითადი წყარო ოფიციალური სატელევიზიო, თუ სხვა არხები იყო.
მისი თქმით, თუ ვაქცინაციის მაჩვენებელი არ მოიმატებს, არის ძალიან დიდი რისკი, რომ საქართველომ წლის ბოლოსთვის პანდემიის კონტროლი ვერ მოახერხოს.
ვაქცინაციის შემცირებული ტემპი და მეხუთე ტალღის მოლოდინი - „დღის თემის“ შეკითხვებს ივანე ჩხაიძემ უპასუხა
მსგავსი: ვაქცინაციის შემცირებული ტემპი და მეხუთე ტალღის...
„ის, რაც ბოლო დღეების განმავლობაში ხდება, მათ შორის, ორსულებში ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი არის ძალიან სერიოზული განსჯისა და განგაშის საფუძველი. თუ ახლა არ შევცვალეთ ჩვენი ტაქტიკა და დამოკიდებულება იმ ადამიანთა მიმართ, რომლებსაც ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ აქვთ ვაქცინაცია, რომლებიც ჯერჯერობით უარს არ ამბობენ, მაგრამ თავს იკავებენ, ვითარება ძალიან გართულდება. ჩვენ ყველა ამ ადამიანთან უნდა მივიდეთ, ავუხსნათ, დაველაპარაკოთ და ინფორმაცია მივაწოდოთ. ამ ადამიანებს სწორედ ეს სჭირდებათ – კითხვაზე პასუხის გაცემა. მათ არ აქვთ დარწმუნება იმაში, რომ ვაქცინა უსაფრთხოა, რომ ქრონიკული დაავადებების, ალერგიული დაავადებების დროს და გადატანილი ინსულტის შემდეგ ვაქცინაცია შესაძლებელია“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.