მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების საკითხებში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალურ მომხსენებელ ჯერარდ ქუინთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
საუბარი შეეხო იუსტიციის სამინისტროს მიერ სისტემის ფარგლებში შშმ პირთა უფლებების გაუმჯობესებისკენ მიმართულ განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებს. ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი, სამინისტროს მიერ პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში შშმ თემის წარმომადგენელთა ჩართულობა, პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მსჯავრდადებულთა/ბრალდებულთა უფლებრივი მდგომარეობა და მათი საცხოვრებელი პირობები და სხვ.
ჯერარდ ქუინი საქართველოში სპეციალური ვიზიტით იმყოფებოდა, რომლის მიზანია ქვეყანაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებისა და ქვეყნის გამოცდილების შეფასება.
ანგარიშს ამ მიმართულებით საქართველოში არსებული ვითარების შესახებ სპეციალური მომხსენებელი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 55-ე სხდომაზე 2024 წლის მარტში წარადგენს.