თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანასო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ხელაძე ოპოზიციონერი კოლეგების კომენტარებს გამოეხმაურა და ნაძალადევის რაიონში დაგეგმილ პროექტთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.

როგორც საკრებულოს წევრმა აღნიშნა, საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილება. მათ შორის,  ნაძალადევის რაიონში დაგეგმილი მულტიფუნქციური პროექტის განხორციელებაა, რომელსაც ოპოზიციის მხრიდან არაერთი უარყოფითი გამოხმაურება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა მოყვა.

,,მინდა საზოგადოებას განვუმარტო, რომ საუბარია ყოფილ ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიაზე, სადაც ამჟამად ბეტონის და ლითონის კონსტრუქციების გროვაა და რომლის ჩანაცვლებაც იგეგმება თანამედროვე ინფრასტრუქტურით’’,- განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

მისივე ინფორმაციით, პროექტის თანახმად, აღნიშნულ ტერიტორიას ორი მეტროსადგური-ნაძალადევის მეტრო და ვაგზლის მოედანი ესაზღვრება. პროექტის დასრულების შემდეგ კი იგეგმება ორი რაიონის დამაკავშირებელი გვირაბის მშენებლობა და ახალი დამაკავშირებელი გზების მოწყობა. ასევე 4 ჰექტარ ფართობზე კი დენდროლოგიური სამუშაოებია გათვალისწინებული.

ირაკლი ხელაძემ პროექტთან დაკავშირებით ოპოზიციის დამოკიდებულებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტს ოპოზიციამ ურბანული გენოციდი მხოლოდ იმიტომ უწოდა, რომ ეს ტერიტორია, ჯერ კიდევ ქართული ოცნების მმართველობამდე, პარლამენტის წევრის ნინო წილოსანის ოჯახს ეკუთვნოდა.

,,ნაძალადევის რაიონში ყველაზე მოძველებული ინფრასტრუქტურაა და მოსახლეობა ეკონომიკური პროექტების განხორციელებას ითხოვს, რისთვისაც ბიზნესის ხელშეწყობაა საჭირო. წარმოდგენილ პროექტთან დაკავშირებით არსებული მოთხოვნები წარმოდგენილ დოკუმენტაციაში იქნა გათვალისწინებული და ვფიქრობ, აღნიშნული ტერიტორიის განვითარება საზოგადოების სრული მხარდაჭერით მოხდება’’,-აღნიშნა საკრებულოს წევრმა.