თბილისში, სტიქიის შედეგად დაზიანებულ უბნებზე მომუშავე მოხალისეებისა და მაშველებისთვის იმუნიზაციის ცენტრი ტეტანუსის აცრას უფასოდ აკეთებს.
როგორც "აიპრესთან" დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ ეკა ქავთარაძემ განაცხადა, დღეიდან საბურთალოს რაიონში დაამატებენ სერვისებს.
"მაშველებისთვის და მოხალისეებისთვის, ვინც სტიქისგან დაზიანებულ უბნებში მუშაობდა, ადგილი ჰქონდა კანის მთლიანობის დაზიანებას და ბოლო 10 წლის განმავლობაში არ არიან აცრილები ან არ ახსოვთ თავიათი ვაქციანაციის სტატუსი, ტეტანუსზე მიმართონ იმუნიზაციის ცენტრს, სადაც უსასყიდლოდ გაუწევენ მომსახურებას. ჩვენი გუშინდელი განცხადების შემდეგ, ყველა ის ადამიანები ვინც აღნიშნულ ტერიტორიებზე მუშაობდა და კანის ადრინდელი დაზიანება ჰქონდა, შეშინდნენ და ყველა ერთბაშად მივიდა ცენტრში. იმ შემთხვევაში, თუ ნაკადი დიდი იქნება იმუნიზაციის ცენტრი საკუთარ სერვისს დაამატებს საბურთალოს ტერიტორიაზე. რაც შეეხება დაზიანების სიმწვავეს, ან დაავადების აღმოჩენის შემთხვევაშიც კი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებით 72 საათი ითვლება აბსოლუტურად ნორმალურ პერიოდად დაზიანების მიღებიდან და ეფექტურია ტეტანუსის ვაქცინაცია", - განაცხადა ქავთარაძემ.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროში უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მოხალისეებს, რომლებიც სტიქიით დაზიანებული ტერიტორიის დასუფთავებაში არიან ჩართულნი, კლინიკები ტეტანუსის ვაქცინაში 200 ლარს ახდევინებენ.
შეგახსენებთ, 13 ივნისს ძლიერი წვიმის გამო თბილისში 19 მოქალაქე დაიღუპა. გმირთა მოედანზე, ზოოპარკის ტერიტორიაზე და ვერეს ხეობაში გაწმენდითი და სამძებრო სამუშაოები გრძელდება. ამ დროისთვის მაშველები 3 დაკარგულ მოქალაქეს ეძებენ. სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახები მთავრობისგან კომპენსაციის სახით 10 000 ლარს მიიღებენ. მიყენებული ზარალი კი 100 მილიონ ლარად ფასდება.