თბილისში ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმი სახელწოდებით  „ჯანსაღი ქალაქი - მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, მოქნილი და მდგრადი ურბანული განვითარება“ მიმდინარეობს  ფორუმში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, გურამ ოქროპირიძემ, მიიღო მონაწილეობა.

ფორუმზე გურამ ოქროპირიძემ სპორტისა და ეკონომიკის ურთიერთქმედების მასშტაბებსა და ეფექტიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც საკრებულოს წევრმა აღნიშნა, სპორტისა და ეკონომიკის ურთიერთქმედება დამოკიდებულია სივრცულ გარემოზე, მათ შორის სოციალურ პირობებზე.

„სპორტი და ეკონომიკა ურთიერთკავშირშია და აქვთ სიმბიოზური ურთიერთობა სოციალური ცხოვრების მზარდი კომერციალიზაციის პირობებში. სახელმწიფოს მხრიდან ყოველწლიურად იზრდება მასობრივი და მაღალი მიღწევების სპორტის დაფინანსება. სპორტი რომ დედაქალაქისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა, მოწმობს საკრებულოს მიერ 2024 წლის ბიუჯეტით  მხოლოდ სპორტისთვის 14 950 000 მლნ. ლარის დამტკიცება. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია დედაქალაქში სპორტის განვითარებისათვის“,  -  განაცხადა გურამ ოქროპირიძემ.

თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ მიმდინარე ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და დამსწრეებს ადგილობრივი ხელისუფლების მიერ სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით  განხორციელებული და დაგეგმილი მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმი 2007 წლიდან ჩამოყალიბდა მოწინავე იდეების გაცვლისა და ქმედითი გადაწყვეტილებების მიღების პლატფორმად, რომლის ფარგლებშიც ქალაქი ყოველწლიურად მასპინძლობს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონის სპიკერებს, სხვადასხვა დარგის ექსპერტებს, მუნიციპალიტეტებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს.