ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცეპრეზიდენტმა, თბილისის  საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, კონფერენცია „გენდერული თანასწორობის დღის წესრიგი ადგილობრივ დონეზე: ძირითადი გამოწვევები და სამოქმედო ნაბიჯები“  გახსნა. 

ფართომასშტაბიან ღონისძიებას, რომელიც საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ორგანიზებით, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა, სასტუმრო „ბილტმორმა“ უმასპინძლა. კონფერენციაში მონაწილეობა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელმა პირებმა, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების  ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს.

მისასალმებელ სიტყვაში ათეას ვიცეპრეზიდენტმა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებს ღონისძიებაში მონაწილეობისთვის, ხოლო  გაეროს ქალთა ორგანიზაციას და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და გენდერული თანასწორობის ეროვნული დღის წესრიგის განხორციელებაში მუნიციპალიტეტების მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა. გიორგი ტყემალაძის თქმით, პროექტის მიზანია, დაეხმაროს მუნიციპალიტეტებს  ინსტიტუციური მექანიზმების განვითარებაში იმისთვის, რომ ადგილზე გააუმჯობესონ გენდერული თანასწორობის გარემო და საერთაშორისო ვალდებულებებიდან გამომდინარე გენდერული თანასწორობის ეროვნული დღის წესრიგის განხორციელებაში განახლებადი საერთაშორისო სტანდარტები დანერგონ.

„აღნიშნული პროექტის შედეგად და ასოციაციის ჩართულობით დღეს 49 მუნიციპალიტეტს აქვს გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა, რომელიც ასევე გათვალისწინებულია ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და კაცთა თანასწორობის შესახებ ევროპული ქარტიით.

აქვე უნდა ითქვას, რომ არსებული მდგომარეობით, საქართველოს 21 მუნიციპალიტეტი არის ევროპული ქარტიის ხელმომწერი და დღევანდელი ღონისძიების ფარგლებში  ქარტიას კიდევ 5 - ზუგდიდის, ზესტაფონის, ჩოხატაურის, სამტრედიისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტი  მიუერთდა. აღნიშნული პროცესი ადგილობრივი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვისადმი, ასევე გენდერული თანასწორობის პრინციპების განხორციელებისა და ამ პრინციპების ყოველდღიურ ცხოვრებაში ინტეგრირებისადმი მუნიციპალიტეტების ერთგულების დეკლარირებაა“,  -  განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ჰიბრიდულ რეჟიმში მიმდინარე ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას  სიტყვით ასევე მიმართეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა ბაია კვიციანმა, პრემიერმინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში ნიკო თათულაშვილმა და საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა კაორი იშიკავამ.

კონფერენციის  მეორე ნაწილი  პრეზენტაციებისა და დისკუსიების ფონზე წარიმართა. მონაწილეები ათეას 2023 – 2025 წლების პრიორიტეტებს გაეცნენ და ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების პოლიტიკის გამოწვევებსა და პრინციპებზე იმსჯელეს.  კონფერენციის მონაწილეები ასევე  დეტალურად გაეცნენ დროის გამოყენების კვლევას საქართველოში და მის მნიშვნელობას ადგილობრივ დონეზე გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში.

დღესვე კონფერენციის ფარგლებში საქართველოს თვითმმართველ ერთეულებთან თანამშრომლობის გაღრმავებისა და ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ასევე ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის საკითხებზე მონაცემების შეგროვების პარტნიორობის გასაძლიერებლად საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასა და  საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.  დოკუმენტს ხელი  ათეას ვიცეპრეზიდენტმა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ და სსიპ „საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ მოაწერეს.