აღრეული ღირებულებების ფონზე, ძალიან კარგია, რომ სწორედ დასავლელი პარტნიორებისა თუ მედიის ქმედებები და განცხადებები ეხმარება საქართველოში პოლიტიკოსებისა და ძალაუფლების სხვა ცენტრების ლუსტრაციას.
რამდენიმე დღის წინ ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეები ვზეიმობდით აშშ-ს მიერ მოსამართლეთა კლანიდან 4 მათგანის სრულიად სამართლიან და საფუძვლიან სანქცირებას.
დღეს დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით გამოქვეყნდა BBC-ის სტატია, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი მისი კავშირები დანაშაულებრივ და ამორალურ ბიზნესთან.- ასე ეხმაურება "სირცხვილიას" აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მჟავანაძე ე.წ ქოლცენტრების საქმეზე BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებას, სადაც "ფორმულას" მფლობელი დავით კეზერაშვილიც ფიგურირებს.


"საპასუხოდ სწორედ ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების ნაწილი და თავად დავით კეზერაშვილი მეტ განმარტებებს ითხოვენ BBC-სგან, ისევე როგორც ირაკლი კობახიძე და სრულიად “ქართული ოცნება” ითხოვს სახელმწიფო დეპარტამენტისგან მტკიცებულებებს.
ხელისუფლება ხშირად ავრცელებდა პროპაგანდას, თითქოს კეზერაშვილი “სირცხვილიას” აფინანსებდა. ეს პროპაგანდა, თავის მხრივ, ყოველთვის შედიოდა კეზერაშვილის ინტერესებში, რომელთანაც მისი სურვილის მიუხედავად, ა რ ა ს დ რ ო ს გვითანამშრომლია და შესაბამისად არავითარი ფინანსური დახმარება არ მიგვიღია, მაშინ, როდესაც ის დღემდე გამალებით ცდილობს ოპოზიციურ ფლანგზე საკუთარი ძალაუფლების ზრდისთვის ფული ჩადოს ნებისმიერ ჯგუფსა თუ ინდივიდში.

ფეისბუქის ფიდი ახლა კარგი ინსტრუმენტია, გავიგოთ ვის აკავშირებს ან აკავშირებდა ფინანსური ინტერესები დავით კეზერაშვილთან და ვის არ ჰქონია მასთან არავითარი შეხება და შესაბამისად ობიექტურია შეფასებებში.
ოლიგარქი ნიშნავს მდიდარ ადამიანს, რომელსაც არაფორმალური გავლენა აქვს პოლიტიკაზე (პარტიებზე) და მედიაზე. ამ პარამეტრებით კეზერაშვილი ამ ხნის განმავლობაში სწორედ ოლიგარქად ყალიბდება და ადრე თუ გვიან ამის აღიარება მოუწევთ ადამიანებს, რომლებიც მის მიმართ სიმპათიით არიან განწყობილი.

უსაიმოვნო დღეა ოპოზიციისთვის, თუმცა კეზერაშვილის მხარდაჭერა და გამართლება იმ არგუმენტით, რომ ბიძინა ივანიშვილს ვებრძვით, მორალურად მიუღებელია და ამავდროულად არაპრაგმატული. ახლა "იმედი" და PosTV ზეიმობს და ეს რომ არ მოხდეს, თანამებრძოლების სწორად შერჩევაა საჭირო, რომ შემდეგ თავდახრილი დგომა არ გახდეს საჭირო.
ის, რომ კეზერაშვილი შესაძლოა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ იბრძვის, არ ნიშნავს ავტომატურად მის კეთილსინდისიერებას. მისი პოლიტიკაში ყოფნა მხოლოდ საზიანოა და არავითარი სიკეთე არ მოაქვს არც რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში და მით უმეტეს დემოკრატიის გაუმჯობესებისთვის." - წერს გიორგი მჟავანაძე. 

ცნობისთვის, BBC აქვეყნებს გამოძიებას ევროპელი პენსიონერების გაძარცვაზე, სადაც თაღლითური სქემის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად დავით კეზერაშვილია დასახელებული

ეთერში გასული გამოძიების შემდეგ, თავდაცვის ყოფილი მინისტრმა, ტელეკომპანია "ფორმულას" მფლობელმა დავით კეზერაშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც წერს: დავით კეზერაშვილი: არა მაქვს და არც არასდროს მქონია კავშირი BBC-ის პლატფორმაზე გამოქვეყნებულ საგამოძიებო მასალაში აღწერილ ე.წ. ქოლ ცენტრების საკითხთან