მეც ასე მეგონა და ალბათ ბევრ ჩვენგანს, რომ ისტორიკოსი გიორგი კალანდია, რომლის სახელსაც არაერთი დაკარგული და მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში გაბნეული საგანძურის საქართველოში დაბრუნება უკავშირდება, ბავშვობიდანვე ისტორიკოსობაზე ოცნებობდა და ზუსტად იცოდა, რა გზას უნდა გაჰყოლოდა... სინამდვილეში, ყველაფერი იყო სულ სხვანაირად...

ჩვენს რუბრიკაში "ამბები ადამიანებზე" ხელოვნები სასახლის დირექტორი, ამავდროულად ჩვენი კოლეგა, გიორგი კალანდია ბევრ აქამდე უცნობ, მისი ცხოვრების საინტერესო ეპიზოდებზე გვიყვება, რომლიდანაც დღეს, რამდენიმე ამონარიდს შემოგთავაზებთ...

გიორგი, ჩვენი ურთიერთობა დაიწყო დიდი ხნის წინ.

და დაიწყო იმ პერიოდისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემით, რომელიც მე პირადად არასდროს დამავიწყდება. არ დამავიწყდება, რომ ამ თემაში შენი და კიდევ ბევრი ადამიანის როლი იყო გადამწყვეტი, ჩვენი ქვეყნისთვის უძვირფასესი საგანძური რომ არ დაკარგულიყო.

ამაზე, ჩვენ, ამ ინტერვიუში აუცილებად ვისაუბრებთ, მაგრამ მე მინდა დავიწყო სულ თავიდან, საიდანაც მოვდივართ, საიდანაც იწყება ჩვენი ჩამოყალიბება, აღზრდა. მინდა დავიწყო ბავშვობიდან. სულ მგონია, რომ ყველანი მოვდივართ ბავშვობიდან და ის ღირებულებები, რასაც იმ დროს შევიძენთ ხოლმე, მუდმივად იჩენს თავს ჩვენს ცხოვრებაში. მინდა, რომ შენი ბავშვობის ადამიანებზე მელაპარაკო, იმ ადამიანბზე, რომელთა წყალობითაც შენ დღეს ხარ ის, რაც ხარ. პირველ რიგში, ვიტყვი იმას და დაგეთანხმები, რომ ჩვენი უთიერთობა და მეგობრობა, ბევრ წელს ითვლის. არც კი მახსენდება ბევრი ადამიანი, ვისთანაც ამდენი ხნის და ასეთი მჭიდრო ურთიერთობა მქონია. როგორც იტყვიან, ცეცხლში გამობრძმედილია ჩვენი მეგობრობა, იმიტომ რომ უკავშირდება საკმაოდ რთულ პერიოდს, როდესაც დადიანების სასახლის გარშემო დიდი ვნებათაღელვა იყო და ძალიან გვჭირდებოდა მაშინ ჟურნალისტების მხარდაჭერა და ერთ-ერთი პირველი იყავი შენ.

რაც შეეხება ბავშვობას, რომ გითხრა, რამეთი განსაკუთრებული იყო ჩემი ბავშვობა - არა. ალბათ, ყველა ბავშვივით მეც მქონდა საინტერესო ცხოვრება და ჩემთვის ეს არის ყველაზე ბედნიერი წლები მიუხედავად იმისა, რომ არ ვყოფილვარ მდიდარი ოჯახის შვილი და არ გავზრდილვარ მდიდრულად, ფუფუენბით. მამაჩემი საკმაოდ დიდი ხანი ცხოვრობდა ევროპაში, იმიტომ რომ სწავლობდა და ეს დიდი ხანი შეიძლება ყოფილიყო 5-6 წელიწადი გადაბმულად. ჩვენ ვიზრდებოდით დედასთან, მე და ჩემი და. ორ სკოლაში მომიწია სწავლა, პირველი იყო მესამე ექსპერიმენტალური, მაშინ ასე ერქვა. ახლაც რომ გავივლი ხოლმე, ბავშვობა მახსენდება. ლამაზი შენობა იყო სოლოლაკში და იქიდან იწყება ჩემი მეხსიერებისთვის ყველაზე ძვირფასი მომენტები: კლასელები, მასწავლებლები, უბანი, მეგობრები და ა.შ.

თუმცა, შენს კითხვას მეტ ნაკლებად პასუხი რომ გავცე, არ ვაპირებდი ისტორიკოსობას, მინდოდა გამოვსულიყავი ან ზოოლოგი , ან ვეტექიმი, იმიტომ რომ ცხოველები მიყვარდა ძალიან, განსაკუთრებით ძაღლები. შინაური ცხოველები, ეს იყო ჩემი უდიდესი გატაცება. ბაბუასთან და ბებიასთან რომ მივდიოდი ზუგდიდში, ძირითადად ამ შინაურ ცხოველებთან ვიყავი. ხან ძროხებს დავსდევდი, ხან ღორებს, ხან ქათმებს. ქათმები მეჯდა უბეში ხოლმე სულ და საღამოს რომ მხდიდნენ ტანისამოსს, ბუმბულები მცვიოდა. ანუ სულ ამით ვიყავი დაკავებული. მართლა ასე მქონდა გდაწყვეტილი, ვემზადებოდი კიდევაც, ლიტერატურაც მქონდა. სადღაც მე-8, მე-9 კლასამდე, შეიძლება ითქვას მეათემდეც, ასე მქონდა გადაწყვეტილი, რომ უნდა გამოვსულიყავი ზოოლოგი...