აუცილებლად არის გადასახედი, პრაქტიკულად, მთავარი დოკუმენტი, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები, რომელიც მრავალი წლის წინ იქნა მიღებული, ვინაიდან თანამედროვე საერთაშორისო განათლების სტანდარტებთან ის არანაირად არ მოდის თანხვედრაში, – ამის შესახებ განათლების და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.
როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა აღნიშნა, უწყება აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით და მზადაა, ფართო წრეების ჩართულობით იმსჯელოს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები; ბაღები და სკოლამდელი განათლება; სკოლა და ზოგადი განათლება; სკოლის ავტონომია; ეროვნული სასწავლო გეგმა; შეფასების სისტემა; სკოლების ავტორიზაცია; სასკოლო საზოგადოების მხარდაჭერა; მასწავლებელი, მისი სამუშაო, ფინანსური და სოციალური პირობები; კარიერული განვითარების სქემა; სკოლების დაფინანსება და სასკოლო კვება; განათლების პოლიტიკის დაგეგმვა; სასწავლო რესურსები და სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი; ახალი ხედვა პროფესიულ განათლებაში; უმაღლესი განათლება და მეცნიერება.
„ვინაიდან ეს საკითხები საჯაროდ გამოგვაქვს, გვაქვს იმის საკმაოდ ჯანსაღი ამბიციაც, რომ მივიღოთ ძალიან რთული და მტკივნეული გადაწყვეტილებები, რომლებიც შესაძლოა, კარგა ხანია, არ მიღებულა. ჩვენ მზად ვართ, გაგიზიაროთ ჩვენი მოსაზრებები და მოვისმინოთ თქვენი ხმაც. საბოლოოდ, ავიღოთ პასუხისმგებლობა, მივიღოთ გადაწყვეტილება“, – განაცხადა ამილახვარმა.
„მე და ჩემი კოლეგები ვაცხადებთ სრულ მზაობას გადაცემებში მოსვლის და ჩართულობის, რა თქმა უნდა, თუ ამის ინტერესი იქნება, რომ მოვახდინოთ საკითხების აქტუალიზაცია საზოგადოებაში და სწორედ ეს პლატფორმა, ეს გადაცემა, ეს ფორმატი გვაძლევს ამის რეალურ შესაძლებლობას. ბოლო წლებში სატელევიზიო სივრცეში თუ სხვადასხვა ფორმატში მე არ მახსენდება მსგავსი პლატფორმა, სადაც პრაქტიკულად გადაწყვეტილების მიმღები პირები – პედაგოგები, მშობლები, ექსპერტები, პოლიტიკოსები, სკოლის დირექტორები და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები ასე ღიად, საჯარო სივრცეში, ღია ეთერში დამსხდარიყვნენ და ემსჯელათ ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხზე. ამიტომ, მადლობა თქვენ, რომ თქვენი პირველი გადაცემაც და ეს ციკლიც ეძღვნება განათლებას და მეცნიერებას“, – განაცხადა ამილახვარმა.