ნაძალადევის რაიონის გამგეობა ღრმაღელის ქუჩაზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე ტერიტორიაზე მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლა მიმდინარეობს, შემდეგ კი 5 000 კვ.მ ფართობზე გზის კაპიტალური რეაბილიტაცია განხორციელდება.
„კიდევ ერთი ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია ხორციელდება ნაძალადევის რაიონში. ღრმაღელის ქუჩაზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ამორტიზებული და მოძველებული მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლა უკვე დაიწყო. განახლდება როგორც სასმელი წყლის სისტემა, ისე წყალარინების ქსელი. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ნაძალადევის გამგეობა 5 000 კვ.მ ფართობზე გზის კაპიტალურ რეაბილიტაციას დაიწყებს, რომლის ფარგლებში მოეწყობა სანიაღვრე სისტემა და დაიგება ასფალტის ორფენიანი საფარი. ასევე, მოწესრიგდება მიმდებარე ტერიტორია და მოეწყობა ბორდიური“, - აღნიშნა კახა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ღრმაღელის ქუჩის რეაბილიტაცია წინასაარჩევნო დაპირება იყო.
„მისამართზე გასული საუკუნის 50-იანი წლების შემდგომ მსგავსი მასშტაბის სამუშაოები არ ჩატარებულა. ტერიტორიაზე არსებობს დაზიანებული ქვაფენილიანი გზა, რაც ართულებდა ქუჩაზე მოსახლეობის გადაადგილებას. აღნიშნული სამუშაოების წარმოება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი საარჩევნო დაპირება ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ყველაფერი მთლიანად მოწესრიგდება, თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით“, - განაცხადა თბილისის მერმა.











