შეხვედრას მინისტრის მოადგილეები ზურაბ ეზუგბაია და სოლომონ პავლიაშვილი ხელმძღვანელობდნენ.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კანონპროექტი ითვალისწინებს მონადირის სერტიფიცირების, ადგილობრივი სახეობების აღწარმოების, სანადირო მეურნეობების დაპროექტების, ინდივიდუალური ლიცენზიით ადგილობრივ სახეობებზე ნადირობის დაშვების და საეგერო (სახეობათა პოპულაციის დამცველი) სამსახურის შექმნის საკითხებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს უფროსმა რევაზ ბეჟაშვილმა ნადირობასთან დაკავშირებულ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება. როგორც სააგენტოს უფროსმა აღნიშნა, ქვეყანაში მნიშვნელოვანი პრობლემაა მთელი რიგი პოპულაციების განადგურება. დაცული ტერიტორიების სტატუსს მიღმა არსებული ტერიტორიები სრულად დაუცველია ბრაკონიერებისგან.

„ბოლო 5 წლის განმავლობაში, აქტიურად შევისწავლეთ მსოფლიო პრაქტიკა. შევიმუშავეთ ახალი კანონპროექტი, რომელიც, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს სახეობათა პოპულაციების დაცვა-აღდგენას და, მეორე მხრივ, ქვეყანაში განავითარებს ნადირობის კულტურას“, - განაცხადა რევაზ ბეჟაშვილმა.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყების ხელმძღვანელ პირებთან ერთად,  საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ზურაბ იაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და ფინანსთა სამინისტროების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.