ხე-ტყის უკანონო მოპოვება, ტრანსპორტირება, ტყის ფონდის თვითნებურად დაკავება, დაურეგისტრირებელი სახერხი საამქროების მოწყობა - ეროვნული სატყეო სააგენტო, ახალ საგანგაშო სტატისტიკას აქვეყნებს - გამოვლენილია სამართალდარღვევის 721 ფაქტი.
სამართალდარღვევის ფაქტებს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიც აქვეყნებს. 2197 შემთხვევიდან 196 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, მასალები შესაბამის უწყებებში უკვე გადაიგზავნა.
კახეთი, სამეგრელო, იმერეთი, აჭარა - უკანონო ტყით სარგებლობის ფაქტები ძირითადად რეგიონებში ფიქსირდება. მონიტორინგი სახელმწიფო ტყეში განთავსებული ფოტო ხაფანგებისა და დრონების საშუალებით განხორციელდა. სამინისტროში განმარტავენ, რომ მოსახლეობასთან თანამშრომლობით და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით სატყეო სექტორის რეფორმა წლიდან წლამდე უმჯობესდება.
ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების, ასევე უკანონო სახერხი საამქროების გამოვლენის მიზნით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ მონიტორინგს ახდენენ.