საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2024 წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 298.1 მლნ აშშ დოლარი, ანუ 815.0 მლნ ლარი შეადგინა, რაც 1.8%-ით, ანუ 5.4 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია 2023 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ცენტრალური ბანკის ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.5% იმ 25 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა ივლისში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 25 ქვეყანაზე გასული წლის ივლისში მთელი ფულადი გზავნილების 96.0% მოდიოდა.
გზავნილების სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა 50.34 მილიონი აშშ დოლარი აშშ-დან გადმოირიცხა, მეორე ადგილზეა იტალია 48.88 მილიონი აშშ დოლარით, მესამე ადგილს 45.47 მილიონი აშშ დოლარით რუსეთის ფედერაცია იკავებს, ხოლო მეოთხე ადგილზეა გერმანია 24.70 მილიონი აშშ დოლარით, მეხუთე ადგილზე კი – საბერძნეთი 23.21 მილიონი აშშ დოლარით.
2024 წლის ივლისში საქართველოდან საზღვარგარეთ 33.5 მლნ აშშ დოლარი, ანუ 91.5 მლნ ლარი გადაიგზავნა, რაც 2023 წლის ივლისის, ანუ 28.6 მლნ აშშ დოლარი ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 17.1%-ით მეტია.