“ანგელოზების მუზეუმი” – ასე ჰქვია სახელოსნო - გალერეას ნაფარეულის N6 -ში, რომლის ყველასგან გამორჩეულ ინტერიერს გულგრილი ვერც გარედან ჩაუვლი და შიგნით შესული ხომ სულ სხვა, ზღაპრულ სამყაროში აღმოჩნდები...
“მხოლოდ ანგელოზები” – ასეთია ამ მუზეუმის მთავარი დევიზი და იქ მობინადრეებიც ძირითადად ანგელოზები არიან.. ამ სახელოსნოს დიასახლისი ენდი მეყანწიშვილია, მის ანგელოზებს კი “
ენდის ანგელოზები” ჰქვია სახელად…

ენდისთან ერთად, ამ პატარა სახელოსნოში შშმ და სსსმ პირები კეთილ ანგელოზებს ქმნიან ხან ნახატების, ხანაც კი ხელნაკეთი ნივთების სახით.
მხატვარი, დიზაინერი, მოქანდაკე, დეკორატორი და არაერთი სოციალური პროექტის სულისჩამდგმელი - ასეთია ენდი მეყანწიშვილის ბიოგრაფიული ცნობარი ერთ წინადადებაში.
როგორც გავიგეთ, რამდენიმე წლის წინ, ენდის შემოქმედებით ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრიც დაინტერესებულა და ასე აღმოჩნდა ორი ნამუშევარი ცნობილ შუშის სასახლეში.
„ანგელოზების მუზეუმი“ სოციალური საწარმოა და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც წლებია გრძელდება და არაერთი ადამიანისთვის გაულამაზებია ყოფა თუნდაც მცირედით, გახლავთ „იქ სადაც სანტა არ ჩანს, ანგელოზები ჩნდებიან“.
ამ ყველაფერზე და სამომავლო გეგმებზე ენდი მეყანწიშვილი გვესაუბრება.
როგორც ვიცი, პროექტი, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაიწყეთ "იქ სადაც სანტა არ ჩანს, ანგელოზები ჩნდებიან“, კვლავ აქტიურად გრძელდება და გასულ წელსაც არაერთ ადამიანს დაეხმარეთ. ისევ გაგრძელდება პროექტი? და რა გაქვთ ამჯერად გეგმაში?
პროქტი „იქ, სადაც სანტა არ ჩანს, ანგელოზები ჩნდებიან“ სამი წლისაა. უკვე შერჩეული სამიზნე ჯგუფისთვის, ჩვენი გუნდი მხატვრების მხარდაჭერით, ახერხებს გარკვეული თანხის შეგროვებას, რის შემდეგაც ვყიდულობთ ყველაფერს, რაც ახალი წლის ღამეს უფრო ჯადოსნურს ხდის. ჩვენი ანგელოზების ძალისხმევით არაერთ ოჯახში აინთო ნატვრის ხესავით ნაძვის ხე.
მაგალითად, გასულ წელს, ჩვენი პრიორიტეტი იყო ბავშვები და მათთვის ვიყიდეთ ტელეფონები, რათა სრულყოფილად შეძლებოდათ სასწავლო პროცესში ჩართვა. უფრო პატარებისთვის შევიძინეთ სათამაშოები და არამალფუჭებადი პროდუქტი, ვეხმარებით იმ დანაკლისის შევსებაში, რისი საჭიროებაც ყოველდღიურად აქვთ.
პირველი მხატვარი, რომელმაც ამ პროექტის ფარგლებში მხარდაჭერა გამოგვიცხადა, გხლდათ ნიკო ცეცხლაძე. მან სამი ნახატი გადმოგვცა საჩუქრად პროექტის გასაგრძელებლად.
ნახატი გაიყიდა და შესაძლებლობა მოგვეცა ამ თანხით 9 სულიან ოჯახს დავხმარებოდით, სადაც 5 მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობს.იმედი მაქვს, შემდეგში არაერთი მხატვარი შემოგვიერთდება საზოგადოებისთვის ამ სასარგებლო საქმის კეთებაში.
სამომავლოდ, ჩვენი ანგელოზები სოციალურად დაუცველ მოხუცებთან გაჩნდებიან და მოამარაგებენ მედიკამენტებით, პროდუქტებით და პირველადი მოხმარების საგნებით.
როგორც გავიგეთ, თქვენი ნამუშევრები, არა მხოლოდ ნახატები, არამედ კოკონის ექსკლუზიური სამკაულები, უკვე საკმაოდ აქტიურად იყიდება მოთხოვნადი გახდა ევროპულ ბაზარზე და არაერთი შეკვეთა გაქვთ უცხოეთიდან.
ნამდვილად ასეა. კოკონის აბრეშუმის პარკისგან შექმნილი სამკაულები ჯერ ინტურისტში გამოიფინა, BACSA-ს საერთაშორისო ორგანიზაციისთვის გამართულ ჩვენებაზე, რომელსაც ბათუმმა უმასპინძლა. დიდი ინტერესი გამოიჩინეს ჩემი აქსესუარების მიმართ და მიმიწვიეს ჩინეთში, ქალაქ გუანჯოუში, ჩემი სამკაულების პრეზენტაციით. ამ პრეზენტაციის შემდეგ, ჩინეთისა და ინდოეთის წარმომადგენლებმა შემომთავაზეს ჩემი კოკონის სამკაულების კოლექციის გაგზავნა იმ მაღაზიათა ქსელებისთვის, სადაც მხოლოდ აბრეშუმისგან დამზადებული პროდუქტი იყიდება.
რაც შეეხება ნახატებს, ჩემი საავტორო ტექნიკით ვასრულებ და ეს ტექნიკაც აბრეშუმს უკავშირდება, რომელიც საქპატენტის მიერ დაპატენტებულია.
არაერთ ქვეყანაშია უკვე ჩემი ნამუშევარი და ცხადია, ეს ჩემთვის სასიხარულოა, მაგრამ ორმაგად სასიამოვნოა, როდესაც შენს ქვეყანაში მოსწონთ, ყიდულობენ და როგორც პოზიტიურ მხატვარს ისე მოგიხსენიებენ. მუზა ისედაც განუსაზღვრელი რაოდენობით მაქვს, მარტო დღე არ მყოფნის ტილოზე გადმოსატანად, ამიტომ ხშირად დილამდე ვხატავ.
დიზაინერი ხართ, მხატვარი, მოქანდაკე თუ დეკორატორი?
ამ კითხვაზე მეც დავიბენი. ალბათ, ცოტ-ცოტა ყველაფერი: მხატვარი, დეკორატორი, სამკაულების დიზაინერი, ბამბით შესრულებული ფიგურები - ანგელოზები კი მინი ქანდაკებებია. ძალიან საინტერესო პროცესია უფორმო ბამბა როგორ ცოცხლდება ფიგურაში ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ.
როგორც გავიგეთ, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახმაც კი შეიძინა თქვენი ნამუშევარი. სწორია ჩვენი ინფორმაცია?
საქართველოში, მართლაც არაფერი იმალება J არსად გამიჟღერებია. კი, სამი წლის წინ მთხოვეს, შემესრულებინა ერთ-ერთი ოჯახის წევრისთვის და შეიძინეს რამდენიმე ნამუშევარი. თუ შეიძლება, არ დავასახელებ, ვისთვის და ვინ. ძალიან მოეწონა და მადლობის ზარმაც არ დააყოვნა. ეს ზარი ძალიან სასიამოვნო იყო.
ყოველთვის უზარმაზარი მოტივატორია ჩემთვის ნამუშევრის შეძენის შემდეგ მადლობის ზარს რომ ვიღებ იმ ადამიანებისგან, რომლებსაც ჩემი ხელოვნება მოსწონთ. ეს მაბედნიერებს. ამიტომ, კიდევ ერთხელ გავაჟღერებ ჩემი გამოფენის სახელს, რომელსაც „ენდის ენდორფინებით“ წარვადგენ.