საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, პირველ მოადგილე ალექსანდრე წულაძესთან ერთად, დუბაიში გამართულ 2024 წლის მსოფლიო სამთავრობო სამიტში მიიღო მონაწილეობა.
სამიტის ფარგლებში, მინისტრმა სამუშაო შეხვედრა გამართა ესტონეთის განათლებისა და კვლევის მინისტრთან კრისტინა კალასთან.
მხარეებმა საქართველოსა და ესტონეთს შორის, განათლების სხვადასხვა საფეხურზე არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
გიორგი ამილახვარმა მადლობა გადაუხადა კრისტინა კალასს მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და განაცხადა, რომ ესტონეთს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს განათლების სისტემის განვითარების საქმეში.
საუბარი შეეხო ესტონურ მხარესთან თანამშრომლობით ზოგადი განათლების განვითარების მიმართულებით მიმდინარე პროექტებს, რაც გულისხმობს ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა-განხორციელების კუთხით მხარდაჭერას.
გიორგი ამილახვარმა ესტონელ კოლეგასთან უმაღლესი განათლების სფეროში არსებული პარტნიორობის გაფართოების საკითხზეც იმსჯელა და განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ესტონეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს უნივერსიტეტებთან, ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტებისა და სტუდენტების გაცვლითი პროგრამების განხორციელების გზით.
მხარეებმა ასევე განიხილეს Erasmus-ის პროგრამის ფარგლებში პარტნიორობის გაღრმავების საკითხები.
თავის მხრივ, ესტონეთის განათლებისა და კვლევის მინისტრმა მადლობა გადაუხადა მინისტრს მჭიდრო თანამშრომლობისთვის და მხარდაჭერა აღუთქვა ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების საქმეში.
საგრანტო კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნდება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ასევე, ახალგაზრდობის სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდებზე.