დღეს, დიდ შაბათია. ამ დღეს მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს საფლავად დადებას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრების გარშემო დილით გარდამოხსნის შემოტარების წესი სრულდება.

 გარდამოხსნის შემოტარების შემდეგ ლიტურგია გაიმართება და მორწმუნეებს წმინდა ზიარების მიღების შესაძლებლობა ექნებათ.

დღესვე, მართლმადიდებელი სამყარო იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, ცეცხლის გადმოსვლას დაელოდება. იერუსალიმის პატრიარქი აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე დაახლოებით, დღის 2 საათზე შევა და საფლავი დაიხურება. აღდგომის ტაძარში მორწმუნეები წინა დღეს იკრიბებიან. მორწმუნეები სანთლებს კონებად კრავენ, კონაში 33 სანთელი იკვრება, რაც, სიმბოლურად, ქრისტეს მიწიერი ცხოვრების წლებთან არის დაკავშირებული  და ასე ელიან სასწაულის აღსრულებას. მას შემდეგ, რაც მაცხოვრის საფლავს ტრადიციისამებრ კუსტოდიით ლუქის, ან ცვილის ბეჭდით დალუქავენ, აღდგომის ტაძარში ხმაურითა და დაფდაფებით ერთმანეთის მხარეზე შემომსხდარი ახალგაზრდა არაბი მართლმადიდებლები შეიჭრებიან და ლოცვას აღავლენენ, რათა უფალმა ღვთაებრივი ცეცხლი გარდმოავლინოს მაცხოვრის საფლავზე. არაბები აუცილებლად უნდა მონაწილეობდნენ ამ საიდუმლოში. 

წმინდა ცეცხლს საქართველოდან იერუსალიმში ჩასული მომლოცველები დღეს, დღის ბოლოსთვის, ჩამოაბრძანებენ. იგი აღდგომის ლიტურგიის დროს ყველა ტაძარში გავრცელდება და მორწმუნეებს სახლში წაღების საშუალება ექნებათ.

დიდმარხვა წელს 18 მარტს დაიწყო და 5 მაისს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.