„მუდმივად, პაუზის გარეშე მიმდინარეობს საჯანმრთელო პარაკლისების აღვლენა, რომელსაც საგანგებოდ მოწყობილ სიწმინდეებთან და ხატების კუთხესთან იხდის ესა თუ ის სასულიერო პირი. დაახლოებით 10-15 წუთის წინ მედპერსონალი შეხვდა როგორც სასულიერო პირებს, ასევე საერო ადამიანებს. მათ კიდევ ერთხელ ბოლო ინფორმაცია მიაწოდეს მისი უწმიდესობის არსებული ჯანმრთელობის შესახებ". - ამის შესახებ სამების ტაძრის მღვდელმსახურმა, საპატრიარქოს თანამშრომელმა და დეკანოზმა, თეიმურაზ თათარაშვილმა კავკასიის მედიცინის ცენტრთან ჟურნალისტებს განუცხადა.
"განაცხადეს, რომ მდგომარეობა, სამწუხაროდ, არც თუ ისე სახარბიელოა, თუმცა მათ ხელთ არსებული ყველა სამედიცინო და ადამიანური რესურსი ჩართულია ამ განკურნების, სასწაულებრივი გაუმჯობესების ვითარებაში. მათ დაადასტურეს თავიანთ სიტყვაში, რომ საზღვარგარეთიდან ელოდებიან ძალიან გავლენიან და ავტორიტეტულ ექიმს ან ექიმთა ჯგუფს, რათა თავიანთი გამოცდილებით კიდევ ერთხელ შეაფასონ არსებული ვითარება და თავიანთი სიტყვა თქვან ამ მდგომარეობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა დეკანოზმა თეიმურაზ თათარიშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კავკასიის მედიცინის ცენტრში გვიან ღამით გადაიყვანეს.
ექიმების ინფორმაციით, პატრიარქს კუჭიდან მასიური სისხლდენა ჰქონდა, რის გამოც მას შესაბამისი პროცედურები ჩაუტარდა და მოხდა სისხლდენის შეჩერება.
როგორც კავკასიის მედიცინის ცენტრში აცხადებენ, პატრიარქი ამ დროისთვის , მართვით სუნთქვაზე იმყოფება.









