გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი შპს „საქართველოს მელიორაციის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენას დაესწრო, რომელიც კომპანიის მიერ განხორციელებულ ძირითად პროექტებს, სისტემურ ცვლილებებსა და მიღწეულ შედეგებს მოიცავდა.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა კომპანიის თანამშრომლებს 2025 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობისთვის და აღნიშნა, რომ ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი იქნება 2026 წელს დასახული გეგმების სრულფასოვნად განხორციელება.
„შპს საქართველოს მელიორაცია ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უწყებაა. კოორდინირებული მუშაობის შედეგად შევძელით არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელება. თუ ჩვენ გვინდა სოფლის მეურნეობის განვითარება, უნდა გვესმოდეს, რომ მისი ერთ-ერთი ფუნდამენტური საფუძველი გამართული და ეფექტიანი სამელიორაციო სისტემებია. ამან განაპირობა მელიორაციის სამსახურის სახეცვლილება და განვითარების ახალი ეტაპის დაწყება. ჩვენი მხრიდან კიდევ ერთხელ ვადასტურებ სრულ მზადყოფნას, მაქსიმალურად დავუჭიროთ მხარი როგორც საკანონმდებლო დონეზე, ასევე ცენტრალური ხელისუფლებისა და მთავრობის სხვა წევრების ჩართულობით, რათა ბიუჯეტითა და პრაქტიკული ნაბიჯებით სრულად იყოს უზრუნველყოფილი ის საჭიროებები, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს”, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
2025 წელს „საქართველოს მელიორაციამ“ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა სარწყავი და სადრენაჟო ინფრასტრუქტურის ეფექტიანობის გაზრდის, მომსახურების გაუმჯობესებისა და წყლის რესურსების რაციონალური მართვის მიმართულებით. განხორციელდა მნიშვნელოვანი ტექნიკური და ადმინისტრაციული ცვლილებები, ჩატარდა რეაბილიტაციისა და გაწმენდითი სამუშაოები სტრატეგიულ არხებსა და ნაგებობებზე, რამაც ათასობით ჰექტარ მიწაზე წყლის მიწოდების სტაბილურობა უზრუნველყო. პარალელურად, განახლდა ტექნიკური ბაზა და გაძლიერდა სამუშაოები რეგიონებში, რაც დადებითად აისახება როგორც სოფლის მეურნეობაზე, ისე ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაზე.
ანგარიშის წარდგენისას, კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა ყურადღება გაამახვილა 2025 წლის მარტიდან დაწყებულ რეორგანიზაციაზე, რომლის შედეგად გაძლიერდა ინსპექტირების სამსახური, შეიქმნა საინფორმაციო-სასწავლო ცენტრი და დაიწყო ინტერაქტიული რუკის შემუშავება; 14 წლიანი პაუზის შემდეგ, სემეკის მიერ დადგინდა ახალი სარწყავი ტარიფი; შეიქმნა კომპანიის ახალი ლოგო და ბრენდ ბუქი; რეფორმების შედეგად გაუმჯობესდა შიდა კოორდინაცია და ოპერატიული მართვა, გაიზარდა შემოსავლების ამოღების მაჩვენებელი და რეკორდულად გაიზარდა დაკონტრაქტებული სასოფლო-სამეურნეო ფართობები - 60 440 ჰექტარიდან 74 000 ჰექტარამდე.
2026 წელს კომპანიას დაგეგმილი აქვს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, მათ შორის, სარწყავი და დამშრობი სისტემების რეაბილიტაცია, წყალსაცავების მშენებლობა და განახლება, კლიმატ-გონივრული ირიგაციის პროგრამის განხორციელება, ასევე, ბილინგისა და სადისპეტჩერო მონიტორინგის (SCADA) სისტემების დანერგვა. დაგეგმილია რეგიონული ოფისებისა და თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული სტანდარტების მომსახურების სივრცეების მოწყობა.








