ასეთი ტიპის წყალმოვარდნა იშვიათობაა და ის დაახლოებით 100 წელიწადში ერთხელ ხდება, – ამის შესახებ ჰიდროლოგმა მერაბ ალავერდაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. აქედან გამომდინარე ჰიდროლოგი ვარაუდობს, რომ ასეთი ძლიერი წყალმოვარდნის გამეორების საფრთხე არ არსებობს.
მერაბ ალავერდაშვილის თქმით, სტიქიას გარკვეული წინაპირობა გააჩნდა. „რა უძროდა წინ ამ წყალმოვარდნას? იყო გარკვეული წინაპირობები: აპრილ–მაისის განმავლობაში ატმოსფერული ნალექი მოვიდა 180 მმ–მდე, ამის შედეგად მდინარის წყლის საშუალო ხარჯი იყო 6–7 მეტრ კუბი წყალი, ეს ამ მდინარისთვის ძალიან დიდი რაოდენობაა, რადგან მისი საშუალო წლიური ხარჯი 1 მეტრ კუბია. შემდეგ, უკვე 4 ივნისს მოვიდა ძლიერი ნალექი სათავეში, ვვარაუდობ, მდინარის ზედა წელში; ქვედა ნაწილში ნალექმა 45 მმ შეადგინა, ვაშლიჯვარის მონაცემებით კი – 53 მმ–ს. ის წყლის ხარჯი, რომელიც ჩამოყალიბდა 4 ივნისს 1962 წლიდან მოყოლებული იყო ყველაზე მაქსიმალური“, – განაცხადა ალავერდაშვილმა.
ამ ყოველივეს სპეციალისტის თქმით, რამდენიმე დღის განმავლობაში წვიმები დაერთო და შემდგომ ნალექმა მოიცვა მთელი აუზი, რომელიც 200 კვ კმ–ია, წარმოიქმნა წყლის დიდი რაოდენობა, ბეთანიის მახლობლად განვითარდა მეწყერი, რასაც გზადაგზა შეუერთდა პატარა მეწყრუილი შენაკადები, რამაც წარმოქმნა ღვარცოფი.
როგორც ჰიდროლოგი განმარტავს, მდინარის ჰიდროლოგიურ შესწავლას ახორციელებს თსუ–ს სასწავლო ჰიდრომეტეოლოგიური ლაბორატორია, რომელიც ძირითადად სტუდენტებისთვის არის განკუთვნილი. ლაბორატორია მდებარეობს სტიქიის პირველ ზონაში, იგი კათედრის ყოფილმა გამგემ გივი სვანიძემ დაარსა და 1962 წლიდან არსებობს. კითხვაზე თუ რატომ შეიქმნა ლაბორატორია ასეთ ტერიტორიაზე, ჰიდროლოგი განმარტავს, რომ ასეთი ლაბორატორია სწორედ მდინარის ახლოს უნდა არსებობდეს ჰიდროლოგიური შესწავლის მიზნით, მაგრამ რაც შეეხება სახლებს, ასეთ ზონაში არ უნდა აშენებულიყო.