საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, ქალთა მიმართ ძალადობის და მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, არტ-ნამუშევრების კონკურსის - “არა ფემიციდს” გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

ღონისძიებას საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, გენერალური პროკურორის მოადგილეები, პროკურატურის წარმომადგენლები, გაეროს ქალთა ორგანიზაცია UN WOMEN-ის ხელმძღვანელი საქართველოში კაორი იშიკავა, აშშ-ის იუსტიციის სახელმწიფო დეპარტამენტის რეზიდენტი მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში ლენა ოუენსი, მხატვრები გია გუგუშვილი და ქეთი მატაბელი, ფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე, ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ნუცა ქავთარაძე და არტ-ნამუშევრების კონკურსის მონაწილეები ესწრებოდნენ.

ღონისძიება საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ გახსნა. გენერალურმა პროკურორმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა ღონისძიების მონაწილეებს, ჟიურის წევრებს და აღნიშნა, რომ ფემიციდის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიაში მათი ჩართულობა მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე მიუთითებს.

„ჩვენთვის ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა წლებია ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და 2014 წლიდან დღემდე არაერთი რეფორმა განვახორციელეთ იმისათვის, რომ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა იყოს კიდევ უფრო ეფექტიანი“- აღნიშნა გენერალურმა პროკურორმა.

ირაკლი შოთაძის განცხადებით, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ გატარებული რეფორმების ფარგლებში, პროკურატურა  აქტიურად  ცდილობს დანაშაულის პრევენციის მიზნით,  საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისთვის  თემატური ღონისძიებები და კამპანიები გამართოს.

ირაკლი შოთაძემ  აშშ-ის საელჩოს და გაეროს ქალთა ორგანიზაციას კამპანიის აქტიური მხარდაჭერისთვის, ასევე, არტ-ნამუშევრების ავტორებს კონკურსში მონაწილეობისთვის და საინტერესო ნამუშევრების წარმოდგენისთვის მადლობა გადაუხადა.

ღონისძიების მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს გაეროს ქალთა ორგანიზაცია UN WOMEN-ის ხელმძღვანელმა კაორი იშიკავამ და აშშ-ის იუსტიციის სახელმწიფო დეპარტამენტის რეზიდენტმა მრჩეველმა სამართლებრივ საკითხებში ლენა ოუენსმა.

არტ-ნამუშევრების კონკურსში - “არა ფემიციდს” მონაწილეობა მთელი საქართველოს მაშტაბით 75 ავტორმა მიიღო. არტ-ნამუშევრები სპეციალურმა ჟიურიმ შეაფასა. კონკურსში ქალთა ფემიციდის და ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე შესრულებული  3  გამარჯვებული

ნახატი გამოვლინდა. პირველი ადგილი გურჯაანის რაიონის სოფ. ველისციხის საჯარო სკოლის მოსწავლის, 9 წლის თამაზ ბეჟანიშვილის ნამუშევარმა დაიკავა, მეორე ადგილი - თელავის რაიონის სოფ. კურდღელაურის საჯარო სკოლის მოსწავლის, 16 წლის ქეთი შაშვიაშვილის ნახატს ერგო, ხოლო მესამე ადგილი - ახმეტის მუნიციპალიტეტის N3 საჯარო სკოლის მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეების ერთობლივმა ნამუშევარმა და ხაშურის რაიონის სოფ. ოსიაურის საჯარო სკოლის მოსწავლის, 13 წლის მარიამ მახარაშვილის ნახატმა გაინაწილა. ასევე, ჟიურის სპეციალური პრიზი გადაეცა ხაშურის რაიონის N5 საჯარო სკოლის მოსწავლის, 16 წლის ანი ბარბაქაძის ნამუშევარს.

გამარჯვებული ნამუშევრების ავტორები სპეციალური სიგელებით და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

კონკურსის დასასრულს, ღონისძიება დამსწრე სტუმრებმა და ჟიურის წევრებმა შეაფასეს. მათ მადლობა გადაუხადეს საქართველოს გენერალურ პროკურორს კამპანიის ორგანიზებისთვის და აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდეს, რადგან ფემიციდი კომპლექსური გამოწვევაა, რომელსაც სამართალდამცავი უწყებები და  საზოგადოება ერთიანი ძალისხმევით უნდა გაუმკლავდნენ.

საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია - „არა ფემიციდს“  2022 წლის 6 ოქტომბერს დაიწყო.

კამპანიის ფარგლებში, პროკურორებმა, საქართველოს რეგიონებსა და ქალაქებში, ადგილობრივ მოსახლეობასთან და სხვადასხვა პროფესიული წრის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართეს და ფემიციდის, ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების და არსებული გამოწვევების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

ქალთა მიმართ ძალადობის და მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია - „არა ფემიციდს“ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს  და გაეროს ქალთა ორგანიზაცია UN WOMEN-ის მხარდაჭერით  მიმდინარეობს, რომლის მიზანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენცია.