ნამდვილად იყო შემთხვევა ახალ წელს, მისთვის ძალიან ძვირფასმა ადამიანმა გამოუგზავნა საცივი, ძალიან ცოტა შეჭამა. ეს არის ადამიანი, რომელსაც ჭამა უყვარს, მაგრამ ახლა ვერ ჭამს, რადგან მოწამლულია. ეს რომ საცივს ჭამდეს ყოველდღე, 38 კილოს როგორ დაიკლებდა? – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
ალასანიამ კომენტარი გააკეთა „ვივამედის“ დირექტორის, ნინო ნადირაძის მიერ სასამართლოსთვის დღეს მიცემულ ჩვენებასთან დაკავშირებით.
„მე რაც მოვისმინე სასამართლოდან, იყო ლაპარაკი იმაზე, რომ საცივს მიირთმევს. ნამდვილად იყო ასეთი შემთხვევა ახალ წელს. მისთვის ძალიან ძვირფასმა ადამიანმა გამოუგზავნა საცივი. ძალიან ცოტა შეჭამა და მერე გაუნაწილა იქ ადამიანებს, მაგრამ შემდეგ, მეორე და მესამე დღეს სულ პირღებინება ჰქონდა. ეს არის ადამიანი, რომელსაც ჭამა უყვარს, მაგრამ ახლა ვერ ჭამს. თქვენი თავი წარმოიდგინეთ, მოწამლული როცა ხართ, როგორ შეჭამთ? ეს კი მუდმივად, რამდენი თვეა, მოწამლულია. ეს არის მიზეზი. რას ნიშნავს თავის დაზიანება, თავი როგორ უნდა დაეზიანებინა? ამდენ ხანს როგორ გაძლებს ადამიანი? 38 კილო აქვს დაკლებული. ეს რომ საცივს ჭამდეს ყოველდღე, როგორ დაიკლებდა? არ უნდა იყო ადამიანი ნორმალური, რომ სპეციალურად აკეთებდე და არ არის ასე საქმე, ამდენმა ფსიქიატრმა გასინჯა. მართლა ვერ ჭამს. ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც მოინდომა ნივრიანი პური და ცოტა გადავუსვი კარაქთან ერთად ცოტა ნიორი და ამას დააბრალეს გულის წასვლა. გულის წასვლა ხშირად ემართება და ნიორი რა შუაშია? პირველად გავიგე. ანეკდოტურ მდგომარეობაში ვართ “, – განაცხადა გიული ალასანიამ.