თბილისში, 6-7 ივნისს, დედაქალაქის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, სასტუმრო „პარაგრაფ თბილისში“ გაიხსნება ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმი, სახელწოდებით - „ჯანსაღი ქალაქი - მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, მოქნილი და მდგრადი ურბანული განვითარება“.
ღონისძიების ფარგლებში განხილულ იქნება ჯანსაღი ქალაქის კონცეფცია, განახლებადი ენერგიის მოხმარება და განვითარება, მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარება, ჯანსაღი ქალაქი, როგორც მახასიათებელი და ინდიკატორი მდგრადი ტურიზმის განვითარებაში, ეკო-ტრანსპორტის განვითარება და მწვანე მობილობა, კლიმატის ნეიტრალიტეტი - კატასტროფების რისკების შემცირება, ცირკულარული ეკონომიკა მდგრადი განვითარებისთვის, სივრცითი მოწყობის მნიშვნელობა მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში, მწვანე შენობა და ინფრასტრუქტურა, უძრავი ქონების ბაზარი, თანამედროვე ტექნოლოგიები და სტარტაპ გარემო საქართველოსა და რეგიონში, შრომის ბაზარი - სირთულეები და გამოწვევები, სამოქალაქო ჩართულობა და თანამონაწილეობა, ადგილობრივი ბიზნესის გაძლიერება ეკონომიკური მდგრადობისთვის, ჯანსაღი ცხოვრების გავლენა ქალაქის ეკონომიკაზე, დემოგრაფია, მიგრაცია, სიღარიბე, ღირსეული საცხოვრისი, უსაფრთხო და კომფორტული გარემო, ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა და ინოვაციები, ჯანსაღი ცხოვრების წესი: ვარჯიში, დასვენება, სწორი კვება.
ჯანსაღი ქალაქის პრიორიტეტია მისი მცხოვრებლების კეთილდღეობა პოლიტიკისა და ინიციატივების ინტეგრირებით, რომლებიც ხელს უწყობენ ფიზიკურ, ფსიქიკურ და სოციალურ ჯანმრთელობას.
მწვანე და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შესაქმნელად ჯანდაცვის პოლიტიკის შემუშავებასა და შესაბამისი ინიციატივების წარმართვაზე პასუხისმგებლობას ინაწილებენ, როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ხელისუფლება. ამავდროულად, ისინი ცდილობენ შექმნან შესაძლებლობები ეკონომიკური ზრდისა და მდგრადი განვითარებისთვის. ეს მრავალმხრივი მიდგომა მოიცავს ინფრასტრუქტურის, მუნიციპალური სერვისების და პროგრამების შემუშავებას, რომლებიც მიზნად ისახავს ჯანსაღი ჩვევების პოპულარიზაციას და სოციალური კავშირის გაძლიერებას. გარდა ამისა, აქცენტები კეთდება ისეთი აქტუალური გარემოსდაცვითი საკითხების გადასაჭრელად, როგორიცაა გარემოს დაბინძურება და კლიმატის ცვლილება, რაც უზრუნველყოფს ქალაქების მედეგობას და გაჯანსაღებას.
ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმი 2007 წლიდან ჩამოყალიბდა წამყვანი იდეების გაცვლისა და ქმედითი გადაწყვეტილებების მიღების პლატფორმად, რომლის ფარგლებშიც ქალაქი ყოველწლიურად მასპინძლობს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონის სპიკერებს, სხვადასხვა დარგის ექსპერტებს, მუნიციპალიტეტებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს.
ფორუმი გამოცდილების, თანამედროვე მიდგომების გაზიარების და ახალი იდეების გააზრების ეფექტიანი პლატფორმაა, რომელიც ქმნის თანამშრომლობის ჩამოყალიბების და ქალაქების განვითარების მდგრად და გრძელვადიან პერსპექტივას.