პრაღაში დებატების საერთაშორისო ახალგაზრდულ ფორუმზე მოხდა ქართული დელეგაციის საგანგებო მიწვევა. ქართველმა ახალგაზრდებმა სრული დაფინანსებით მიიღეს მონაწილეობა აღნიშნულ ღონისძიებაში. ფორუმში 200-მდე მოსწავლე ჩაერთო მთელი მსოფლიოდან.

ფორუმის ფარგლებში გაიმართა საერთაშორისო ტურნირი, რომელზეც ქართულმა დელეგაციამ აქტიურად მიიღო მონაწილეობა. გარდა ამისა, ფორუმზე ჩაატარა ტრენინგ-ვორქშოფი საგანგებოდ მოწვეულმა ქართველმა საერთაშორისო ტრენერმა და მსაჯმა, ქეთევან მაღრაძემ. აღსანიშნავია, რომ ქართველმა ტრენერმა, საერთაშორისო ტურნირსაც აქტიურად უმსაჯა.

საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობის მისაღებად საქართველოდან შეირჩა 4 მოსწავლე, პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში. მონაწილეები შეირჩნენ მთელი საქართველოს მასშტაბით არსებული დებატების კლუბების 1000-მდე წევრისგან, რამდენიმე ეტაპიანი კონკურსის გავლის შედეგად.

პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისთვის“, რომელიც მხარდაჭერილია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ, მიზნად  ისახავს  მოსწავლეებში თავისუფალი და დამოუკიდებელი მოქალაქისთვის საჭირო ისეთი უნარების განვითარებასა და ჩამოყალიბებას, როგორიცაა: კონსტრუქციული მსჯელობა, არგუმენტაცია, მასალების მოძიება, ორატორობა, გუნდურობა, დროის მართვა, ოპონენტის პატივისცემა და სხვა.