სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თბილისის საკრებულოს წევრი ზვიად კუპრავა დააკავა.
სუსის განაცხადებით თბილისის საკრებულოს წევრმა ჩაიდინა სსსკ-ის 317-ე, 353-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედება, რაც სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნო მოწოდებას და ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობას გულისხმობს.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ რამდენიმე წუთის წინ დაკავებულია პოლიტიკური პარტია „ნაციონალური მოძრაობის’“ და თბილისის საკრებულოს მოქმედი წევრი ზვიად კუპრავა.
გამოძიების მასალების მიხედვით, 2025 წლის 30 სექტემბერს ზვიად კუპრავამ სოციალურ ქსელში განათავსა ვიდეო, სადაც მოქალაქეებს მოუწოდა 4 ოქტომბრის არჩევნების ჩაშლისა და სახელმწიფო ხელისუფლების გადატრიალებისკენ.
აღნიშნული მოწოდების დანაშაულებრივი ბუნების შესანიღბად და შესაბამისი პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით, მან არჩევნები რუსულ სპეცოპერაციად, საარჩევნო უბანი სპეცოპერაციის პუნქტად, ხოლო სახელმწიფო ხელისუფლება – ივანიშვილად მოიხსენია, რაც ბუნებრივია ვერ გამორიცხავ სსსკ-ით გათვალისწინებული ქმედების დანაშაულებრიობას. ასევე, კუპრავამ დაკავებისას ჩვენს წარმომადგენლებს გაუწია წინააღმდეგობა. შესაბამისად, ზვიად კუპრავამ ჩაიდინა სსკ-ის 317-ე და 353-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედება, რაც სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნოდ მოწოდებას და ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობას გულისხმობს.
საგულისხმოა, რომ მან ვიდეომიმართვაში დანაშაულის ჩადენის მოტივიც დაასახელა – ულტიმატუმი წაუყენა სახელმწიფო ხელისუფლებას, რომ პატიმრობიდან გათავისუფლდეს მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი და მის მიერ პოლიტპატიმრებად მოხსენიებული სხვა ბრალდებულები თუ მსჯავრდებულები. აღნიშვნას საჭიროებს ის ფაქტიც, რომ გარდა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებისა, ბრალდებული აანონსებდა სხვა დანაშაულის ჩადენასაც, რომელიც გათვალისწინებულია სსკ-ის 162-ე მუხლით, რაც ძალადობით ან ძალადობის მუქარით არჩევნებში ნების განხორციელებისთვის ხელის შეშლას გულისხმობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყურადღებით შეისწავლის ყველა მსგავს განცხადებას თუ დანაშაულებრივი მიზნით განხორციელებულ ქმედებას მათი სამართლებრივი შეფასებისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით“, – განაცხადა ლაშა მაღრაძემ.
შეგახსენებთ, გუშინ ზვიად კუპრავამ ვიდეო მიმართვა გაავრცელა,სადაც აცხადებდა:
"ასი ათასობით ადამიანმა გადაწყვიტა 4 ოქტომბერს დაამხოს ივანიშვილი, მათ შორის მეც. ჩვენი ტაქტიკური ამოცანა არის 4 ოქტომბერს ჩაიშალოს რუსული სპეცოპერაცია.
როგორ ვახერხებთ ამას - 4 ოქტომბერს, თბილსის მასშტაბით, გახსნილი იქნება 500 სპეცოპერაციის პუნქტი, მათ შორის, საქართველოს მასშტაბით 3000-ზე მეტი. 500 პუნქტი ივანიშვილმა იცის, რომ არის ყველაზე დაუცველი, რომელსაც ის დღის განმავლობაში პრაქტიკულად ვერ გააკონტროლებს. დილიდან როგორც ჯგუფებად, ასევე ინდივიდუალურად ვიწყებთ მოძრაობას ქალაქის მასშტაბით და 500-დან ერთ სპეცოპერაციის პუნქტს აუცილებლად გავარღვევთ, რის შემდეგაც მიიღებს დომინოს პრინციპს და ივანიშვილი დაემხობა“, - აცხადებს კუპრავა. მისივე თქმით, კომპრომისზე მხოლოდ იმ შემთხვევაში წავა და 5 ოქტომბრამდე სახლში იჯდება, თუ ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს და პოლიტპატიმრებს გაათავისუფლებს.
„ვიღაც ალბათ იფიქრებთ დაგიჭერენო, ვერ დამიჭერენ. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილს არ აქვს რესურსი დღეს, რომ მე დამიჭიროს, ან ვინმე დაიჭიროს და მეორე - თუ თვითმმართველობის არჩევნებზე ივანიშვილი დაიჭერს საკრებულოს წევრს, საკრებულოს არჩევნებზე მისი სტრატეგიული ამოცანა მშვიდად ჩაატაროს რუსული სპეცოპერაცია, ვერ იქნება მიღწეული, შესაბამისად, ის მაინც დაემხობა. არის კიდევ მესამე გზა - თუ 4 ოქტომბრამდე მიხეილ სააკაშვილი და პოლიტპატიმრები იქნებიან თავისუფალი, მე როგორც ერთი ადამიანი იმ წუთიდან დავჯდები სახლში და 5 ოქტომბრამდე არ გამოვალ სახლიდან. ეს არის კომპრომისი, ბატონო ივანიშვილო, გნებავთ ვაჭრობა დაარქვით, გნებავთ მუქარად მიიღეთ, თუ პოლიტპატიმრები არ იქნებიან გათავისუფლებულები თქვენ 4 ოქტომბერს დაემხობით“,- აცხადებს ზვიად კუპრავა.