შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება. 

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ჭავჭავაძის გამზირსა და ვარაზისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს შეკრება/მანიფესტაცია, რომლის ფარგლებშიც დაკავებულია ტრანსპორტის სავალი ნაწილი.

აქციის მონაწილეთა მიერ, საავტომობილო გზის ხელოვნურად ბლოკირების მიზნით, ჭავჭავაძის გამზირზე განთავსებულია სხვადასხვა ტიპის კონსტრუქცია.

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 პრიმა მუხლის თანახმად, დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვა, თუ აღნიშნულის საჭიროებას არ განაპირობებს მონაწილეთა რაოდენობა. აგრეთვე დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციებით ან/და საგნებით გადაკეტვა.

აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მოვუწოდებთ, გაათავისუფლონ გზა, შეწყვიტონ ტრანსპორტის სავალ ნაწილზე შეკრება/მანიფესტაცია და პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში.

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად, შეკრება/მანიფესტაციების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს ეძლევათ 15-წუთიანი ვადა, რათა მიმართონ ყველა შესაბამის ზომას ტრანსპორტის სავალი ნაწილის გახსნისა და ტრანსპორტის მოძრაობის აღსადგენად. წინააღმდეგ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიყენებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს.

შეკრება/მანიფესტაციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მოვუწოდებთ დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.