„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიგი უგულავა სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 5 000 ლარით დააჯარიმა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო. საქმე ეხება 17 იანვარს, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციას.
გიგი უგულავას ადვოკატის თქმით, უგულავა ჯარიმის გადახდას არ აპირებს და შემდგომ ინსტანციაში გეგმავს გადაწყვეტილების გასაჩივრებას.
„სამართლებრივი თვალსაზრისით მივიღეთ სრული აბსურდი. შსს-მ არ იცის, 17 იანვარს რამდენი ადამიანი ესწრებოდა აქციას. შსს-მ არ იცის, რამდენი ადამიანი ეტევა პარლამენტის წინ ადგილზე. შსს-მ არ იცის, როდის მივიდა სავარაუდო სამართალდამრღვევი აქციაზე. შსს-მ არ იცის, უკვე გადაკეტილ გზაზე გადავიდა სავარაუდო სამართლდამრღვევი თუ თავად გადაკეტა გზა. შსს-მ თავად არ მიიღო არანაირი ზომა, რომ გზა გაეხსნა და ვიცით, როგორ მოქმედებს შსს, როცა კანონი ირღვევა. მიუხედავად ამისა, სურთ, ასეულობით ადამიანი გამოაცხადონ სამართალდამრღვევად და გამოუწერონ 5 000-ლარიანი ჯარიმა, ისევე როგორც ეს გიგი უგულავას შემთხვევაში მოხდა. სამართლებრივი მტკიცებულებები და არგუმენტები არ არის, ისედაც ვიცით, რომ ეს არის პოლიტიკურ-რეპრესიული პროცესი, რომელსაც ასრულებს სანქცირებული ზვიად ცეკვავა. ის არის მნიშვნელოვანი და მთავარი შემკვრელი რგოლი ივანიშვილის ახირების ასრულებისა, რომ ადამიანების საპროტესტო აქციები ჩახშობილი იქნეს დანაშაულების, ყოველგვარი ძალადობრივი ქმედებების ფასად. მათ შორის, ამ ძალადობაში იგულისხმება სამართლებრივი ძალადობა, ისეთი, როგორიც დღეს ვიხილეთ სასამართლო დარბაზში“, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
მოსამართლის ამ გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დასწრებია თავად გიგი უგულავა.
გიგი უგულავას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებიან. ბრალდების მხარის ინფორმაციით, გიგი უგულავა 17 იანვარს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა და გზა ხელოვნურად იმ დროს გადაკეტა, როცა ამისთვის ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ იყო.